სალომე ზურაბიშვილი - სხვადასხვა ქალაქში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის ეკლესია, საკვირაო სკოლები, დიასპორული ორგანიზაციები აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდო
სალომე ზურაბიშვილი - სხვადასხვა ქალაქში, სადაც ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის ეკლესია, საკვირაო სკოლები, დიასპორული ორგანიზაციები აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილებასთან დაკავშირებით ცესკო-ს თავმჯდომარესთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრას მართავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს, რაც, ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ხარვეზია.

„ჩვენ შევიკრიბეთ მეორედ, ამჯერად ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან ერთად და არასამთავრობოების წარმომადგენლებთან, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან, რათა განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გამარტივებას ეხება. ეს საკითხი დიდი საზოგადოებრივი ინტერესით სარგებლობს და საინტერესოა არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი ჩვენი მოქალაქეებისთვის, არამედ, ასევე, საქართველოში მყოფი მოქალაქეებისთვის. პრაქტიკულად, ყოველ ოჯახში არის ვიღაც, ვინც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ამდენად, საკითხის მიმართ ერთობლივი ინტერესი არსებობს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისა და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების მხრიდან. ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა, ასევე ორჯერ გვქონდა საუბარი „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან, რასაც გავაგრძელებთ. საჭიროა, განვიხილოთ, რა ვითარება არსებობს. პირველი მნიშვნელოვანი ხარვეზი არის ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში, უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც საკმაოდ გაუგებარია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროზე არის დამოკიდებული საარჩევნო აღრიცხვა, რეგისტრაცია, სიების გადაცემა ცესკო-სთვის. მისივე თქმით, ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობაა საჭირო.

„მთელი პროცესი დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან. საკონსულოებში ტარდება რეგისტრაცია, რაც არის წინაპირობა, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნის შესახებ. საკონსულოებიდან საგარეოს უნდა გადაეცეს ინფორმაცია უბნების გახსნის თაობაზე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადასცეს ცესკო-ს. ეს არის პირველი ეტაპი. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ ჩატარდეს საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია, საინფორმაციო კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე. გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ არაფერი გაკეთებული არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია მნიშვნელოვანია ახლა და არა ოთხ-ხუთ თვეში. მთელი პროცესი გადაჯაჭვულია საგარეოსა და ცესკო-ზე, ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია და აქედან იბადება ბევრი ხარვეზი. მუშაობის ერთობლივი სურვილი თუ არ არსებობს, შემდეგ ყოველთვის შეიძლება პინგპონგი – ჩემი ბრალი არ არის, ის არ მაძლევს ინფორმაციას, მე ამაში არ ვმონაწილეობ, ეს მათი პასუხისმგებლობაა. ვიდრე დრო არის, ეს უნდა გამოსწორდეს. დღევანდელი შეხვედრის მიზანია, მაქსიმალურად ყველა ხარვეზი გამოსწორდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, კანონის თანახმად, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკონსულო აღრიცხვაზე თუ არიან და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, მოითხოვონ და გაიხსნას საარჩევნო უბანი. მეორე მხრივ, ოფიციალურად გვეუბნებიან პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა აცხადებს, რომ ვერ და არ შეასრულებენ ამ კანონს. იმას კი არ გვეუბნებიან, რომ რამდენი უბანიც შესაძლებელი იქნება, იმდენს გავხსნითო, კატეგორიულად არის გაცხადებული, რომ შეუძლებელიაო. ხან ამბობენ, რესურსები არ გვაქვსო, ხან ყველა „პადიეზდში“ არ გავხსნითო, რაც ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ტერმინებია. არანაირი პასუხი არ არის გაცემული, რა შეიძლება გაკეთდეს.

დასახელებულია კიდევ ერთი მიზეზი, რომ საარჩევნო უბნების გახსნა მოითხოვს პროცედურების ჩატარებას უცხო ქვეყნებთან. ეს მართალია, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ სხვადასხვა ქალაქში საკონსულომ გახსნას სივრცეები, რომლებიც გამოყენებული იქნება საარჩევნო უბნებისთვის. ჩვენ გვქონდა შეხვედრა და მომავალ კვირას კიდევ გვექნება შეხვედრები ელჩებთან და საკითხი შეიძლება მოგვარდეს, რადგან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოაცხადეს მზადყოფნა. რამდენადაც ვიცი და თუ ასე არ არის, მზად ვარ, მოვისმინო შესწორება, ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი საუბარი არ ყოფილა აქ მყოფ ელჩებთან, რათა ამ საკითხმა წინ წაიწიოს და მოვნახოთ გზები. ეს არის სრულიად შესაძლებელი. ამისი მაგალითი არსებობს ძალიან ახლოს ჩვენთან – მოლდოვამ ჩაატარა არჩევნები და 150 საარჩევნო უბანი გახსნა არჩევნებისთვის. მოლდოვას თუ შეუძლია, ალბათ ჩვენც შეგვიძლია და რატომ ვამბობთ, რომ ამისი რესურსები არ გვაქვს? გასულ შეხვედრაზე განცხადება მოვისმინე ცესკო-სგან, რომ გვაქვს რესურსები დამატებითი უბნების გასახსნელად, თუ მივიღებთ ინფორმაციას საგარეოსგანო. ამიტომ ვამბობ, რომ ერთგვარი პინგ-პონგია დაწყებული – საგარეოსგან თუ მივიღებთ ინფორმაციას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, დავიწყოთ მუშაობა უბნების გახსნაზეო.

სხვადასხვა ქალაქში, სადაც ვიცით, რომ დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები, არის სივრცეები – ეკლესია, საკვირაო სკოლები და სხვადასხვა ფართი, რასაც იყენებენ დიასპორული ორგანიზაციები და აცხადებენ, მზად ვართ, ეს ფართი დავუთმოთ საარჩევნოდ ან ვიმუშაოთ, რომ ქალაქში, სადაც ვცხოვრობთ, ასეთი სივრცე მოვიპოვოთო. არსებობს პრაქტიკაც მოლდოვის მაგალითზე, როცა პარტნიორი ქვეყნები ჩვენ სასარგებლოდ გვთავაზობენ სივრცეებს, ფართებს საარჩევნო პერიოდისთვის. ასე რომ, ძალიან ბევრი გამოსავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყველამ ერთად უნდა დაიწყოს მუშაობა იმის უზრუველსაყოფად, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

„მთავარია, ადგილი არ ჰქონდეს არავითარ დისკრიმინაციას ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და ჩვენ შევუწყოთ ხელი. გასაგებია, რომ ყველგან და ყველა ადგილას, სადაც 50 ადამიანი ცხოვრობს, ალბათ უბნების გახსნის შესაძლებლობა არ იქნება, მაგრამ უნდა დაიწყოს პროცესი, რათა რამდენიმე ქვეყანაში, ქალაქში, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობაა დიასპორის, გაიხსნას საარჩევნო უბნები. ეს პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც შემდგომ არჩევნებში ალბათ კიდევ სხვა ფორმას მიიღებს.

დღევანდელი ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას მივცეთ საარჩევნო უფლება და მათ მიმართ არ გამოვიყენოთ არც დისკრიმინაცია, არც შეურაცხმყოფელი გზავნილები, რაც ჩემთვის და, მგონი, მთელი საზოგადოებისთვის გაუგებარია. არ არის საკმარისი, რომ ჩვენ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, როდესაც ჩამოდიან ევროპული ქვეყნებიდან ჩვენი ფეხბურთელები და ასეთ დიდ სიამოვნებას, პატრიოტულ გრძნობებს გვანიჭებენ. საჭიროა, მათ, ვინც იქ მოღვაწეობენ ან წვალობენ კიდეც, მივცეთ იმის საშუალება, რაც ეკუთვნით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.