ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული, ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს თუ დაადებს, ჩვენ ვეტოს დავძლევთ
დღეისთვის 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული და ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და სწორედ ეს არის ცვლილების მიზანი.
„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს, უბრალოდ, ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად, ეს იყო ოპოზიციის, „ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც ჩვენ შევიტანეთ საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ, დღეისთვის 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.