ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს, თუმცა უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური
უკვე ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, თუმცა ამ დროის მონაცემებით, გამოიკვეთა, რომ იქნება მეორე ტური.
„ხმის დათლის პროცესი მიმდინარეობს. ჩვენთან შემოდის ოქმის მონაცემები. დათვლილია 1000-მდე უბნის მონაცემები. ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველ ადგილზეა. გამოიკვეთა, ამ ეტაპისთვის ცხადია, რომ მეორე ტური შედგება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე. ეს ცხადია 1000 უბნის მონაცემებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„მოვუწოდებ ყველას, განაგრძონ ხმის დათვლის პროცესი და დაიწყონ სათანადო პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო პროცესის ისე დასრულება, როგორც წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ ვთქვით, რომ დახლოებით ყოველი მეორე ამომრჩეველი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაშიც ეს დაახლოებით ასე იყო, თუმცა დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემარჯვებინა. შესაბამისად, დღევანდელი სურათი არის ასეთი, რომ საჭიროა მეორე ტური, თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო შესაძლებელი და დარწმუნებული ვართ მეორე ტურში გამარჯვებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. კანონმდებლობის მიხედვით, საპრეზიდენტო კანდიდატს გამარჯვებისთვის 50% +1 ხმა სჭირდება. არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენების ხმების რაოდენობა.
თუ არჩევნების პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. მეორე ტურში ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის მოუწევს. არჩევნების მეორე ტურს ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია შესაბამისი განკარგულებით. არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურის შედეგების ოფიციალური გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება ის კანდიდატი, ვინც მეტ ხმას მიიღებს. არჩევნების მეორე ტურში კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო.