ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავის მივცემთ ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა
სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავის მივცემთ ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მიიყვანა უმძიმეს მდგომარეობამდე, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, ბოლომდე იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ღიად იყვნენ ჩართული შესაბამის პროპაგანდაში და ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას.
„რაც შეეხება უკრაინიზაციის თემას, საქართველოში უკრაინული სცენარის განვითარების მცდელობას, მათ შორის, მაიდნის განვითარების მცდელობას, შემდეგ მეორე ფრონტს, ამაზე ჩვენ ბევრი გვისაუბრია. სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ძალები ღიად იყვნენ ჩართული შესაბამის პროპაგანდაში, ღიად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. რა თქმა უნდა, ეს აძლიერებდა ზეწოლას ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა ამ წლების განმავლობაში წარმატებით მოვახერხეთ შესაბამისი სცენარის თავიდან არიდება და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ამას შევძლებთ. ყველაზე რთული პერიოდი გამოვლილია, სირთულეები იქნება მომავალშიც, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს წარმატებული გამოცდილება ასეთ საფრთხეებთან შეჭიდების კუთხით, გვაქვს დიდი იმედი, რომ მომავალშიც ყველა საფრთხეს ავაცილებთ ჩვენს ქვეყანას. სახელმწიფო ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე. ყველამ დაინახა, განსაკუთრებით ამ ორი-სამი თვის განმავლობაში, რომ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები დგანან მოწოდების სიმაღლეზე და ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ ვერავის ისეთი სცენარების განვითარების შესაძლებლობას, რომელმაც უკრაინა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა, მიიყვანა ასეთ უმძიმეს მდგომარეობამდე. სახელმწიფო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, მშვიდობა, სტაბილურობა ამ ქვეყანაში იქნება ბოლომდე დაცული“, – აღნიშნა კობახიძემ.