ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატების წახალისებას, რომ მათ საპარლამენტო საბოტაჟზე უარი თქვან
სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიებისა და დეპუტატების წახალისებას, რომ მათ საპარლამენტო საბოტაჟზე უარი თქვან, ოპოზიციის ინტერესებშია, რომ ეს ყველაფერი შემოატრიალონ და წახალისებას მუქარა და შანტაჟი დაარქვან, თუმცა რეალური მიზანი წახალისებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მეორე მოსმენამდე დაველოდებით ვენეციის კომისიას და ოდირს, შეიძლება, ორივეს მივმართოთ, მათ სამართლებრივ დასკვნას დაველოდებით და ამის შემდეგ გაგრძელდება მეორე-მესამე მოსმენით განხილვა. მათ უახლოეს დღეებში მივმართავთ. გარკვეული კუთხით ცვლილებების შერბილება მოხდა, თუმცა ვენეციის კომისიის შეფასებას დაველოდებით. მიზანი იგივე რჩება, რაც არის საბოტაჟის პრევენცია და ამას არ აქვს მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი. ეს გათვლილია გრძელვადიან მოქმედებაზე, მომავალში დღის წესრიგში შეიძლება იგივე საკითხი დადგეს და ამ შემთხვევაშიც, კანონმდებლობას თავისი მკაფიო პასუხი უნდა ჰქონდეს. ოპოზიციას დრო ისეც და ასეც ძალიან ბევრი აქვს. იმ პაკეტის მიხედვით, რომელიც დღეს პირველი მოსმენით მივიღეთ, ოპოზიციას ისედაც რჩებოდა რამდენიმე თვე, რომ საბოლოო ჯამში ჩამოეყალიბებინა საკუთარი პოზიცია საბოტაჟთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ ოპოზიცია აპრილში საბოტაჟზე უარს იტყოდა, მის მიმართ არ იმოქმედებდა არც დაფინანსების კუთხით რეგულაციები და არც უფასო საეთერო დროის თვალსაზრისით რეგულაციები. ანუ, ასეც და ისეც პოლიტიკურ პარტიებს აქვთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდნენ – ირჩევენ ისინი საბოტაჟის გზას, თუ იმ გზას, რომლისკენაც მიუთითებს მათ საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მმართველ გუნდს აღნიშნულთან დაკავშირებით კომუნიკაცია ექნება საერთაშორისო პარტნიორებთან.
ჩვენ გვექნება სამართლებრივი დისკუსია ყველასთან, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან, ვენეციის კომისიასთან. მზად ვართ, რომ ქვეყნის შიგნითაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვებთან გვქონდეს სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით დისკუსია იმასთან დაკავშირებით, ამ პაკეტს თუ რა პლუსები და მინუსები აქვს. ამის მიხედვით მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. სამართლებრივი დისკუსიისთვის მზად ვართ, ყველასთან. თქვენ ხედავთ, რომ როგორც არჩევნების გადამოწმებასთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის და ყოველ ჯერზე საპასუხოდ დუმილს ვიღებთ. ეს არის ბოლო თვეების სამწუხარო ტენდენცია და აჩვენებს იმას, თუ რა მოტივაცია ამოძრავებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა კობახიძემ.