ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველის არჩევის წესს პირველი მოსმენისას ოპოზიციიდან მეტმა მისცა ხმა, შემდეგ ვიღაცამ ომბუდსმენი ჩართო საქმეში, რომ გადაეთქვათ მხარდაჭერა
ოპოზიციას ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს პარლამენტმა მიიღო რეგლამენტში ცვლილებები, რომელიც ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილებას შეეხება.
„დღეს მივიღეთ სამი მოსმენით ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც ეხება ომბუდსმენის არჩევის წესს, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ და ასევე ცალკეულმა უფრაქციო დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ამ ცვლილებებს. საქმე ეხება იმას, რომ დღეს ნებისმიერ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს, შეუძლია, წარადგინოს კანდიდატი, აქ უკვე ერთვება დამატებითი ელემენტები შერჩევის პროცედურაში, ჯერ არასამთავრობო ორგანიზაციები აფასებენ კანდიდატებს კონკრეტული ქულებით და ამის შემდეგ, ჩვენ მიერ შეთავაზებული წესის მიხედვით, მხოლოდ ოპოზიციური ფრაქციები და პოლიტიკური ჯგუფები ასახელებენ კანდიდატს. ამაზე მეტი გამჭვირვალობა ბუნებრივია, ვერ იქნებოდა ჩვენი მხრიდან შეთავაზებული. საერთოდ უარს ვამბობთ შერჩევის პროცედურებში მონაწილეობაზე, მთლიანად არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციას მივანდობთ კანდიდატების შერჩევას და მხოლოდ ამის შემდეგ ვერთვებით საქმეში. როცა აქაც ცდილობ, საბაბი მოძებნო, რათა გაემიჯნო და მხარი არ დაუჭირო შესაბამის წესს, ეს ნიშნავს, რომ მათთვის თვითმიზანია 12 პუნქტის შესრულებისთვის ხელის შეშლა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის ხელის შეშლა.
პირველი მოსმენის დროს მეტმა მისცა ოპოზიციიდან ხმა ამ ცვლილებებს, შემდეგ ვიღაც ჩაერია ამ ყველაფერში, რომ ოპოზიციურ პარტიებს გადაეთქვათ თავიანთი გადაწყვეტილება, ომბუდსმენი ჩართო ვიღაცამ საქმეში. ომბუდსმენის მიერ გახმოვანებული პოზიციის შემდეგ, მათ უკვე უარი თქვეს მხარდაჭერაზე. მარტივი თამაში იყო დალაგებული, ამას ბავშვიც მიხვდება.
მიზანი არის, რომ მაქსიმალურად შეექმნას შეფერხება 12 პუნქტის შესრულებას და მაქსიმალურად შეექმნეს შეფერხება იმ პროცესს, რომელიც უკავშირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, მათ ეშინიათ ამ ყველაფრის ოპოზიციას ცოცხალი თავით არ უნდა, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაბრკოლება შეუქმნან 12 პუნქტის შესრულებას“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი არ ყოფილა.
სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებებს მხარი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ მესამე მოსმენის რეჟიმში არ დაუჭირეს. ოპოზიციური პარტიები საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებენ იმას, რომ კანონპროექტში მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა.
ამასთან, ოპოზიციიდან კანონპროექტს მხარი დაუჭირეს: ავთანდილ ენუქიძემ, ლევან იოსელიანმა, შალვა კერესელიძემ, ბექა ლილუაშვილმა, ჰერმან საბომ, თამარ კორძაიამ.