მუდმივი ძალისხმევით, პრაგმატული პოლიტიკითა და მოთმინებით, გვჯერა, რომ საბოლოოდ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიღწეული იქნება და საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტალინში, სემინარზე – „შიდაპოლიტიკური განვითარება და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სემინარში მონაწილეობისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტზე, ასევე, კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მკაფიოდაა განსაზღვრული და ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მისივე განცხადებით, აღნიშნული მიზნები აისახა სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში და ახლა უკვე, გარანტირებულია კონსტიტუციურ დონეზეც.
„კონსტიტუციის ახალი რედაქცია ამბობს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების უზრუნველყოფისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიზანი გახდა გარანტირებული კონსტიტუციურ დონეზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, აღნიშნული მიზნის მიღწევა მოკლევადიან პერსპექტივაში ადვილი არ იქნება და რამდენიმე წელიწადს მოითხოვს.
ირაკლი კობახიძემ საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიღწევებთან ერთად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის იდეა ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მყარდება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი ეროვნული გამოწვევა რუსეთის ფედერაციას და ჩვენი ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაციას უკავშირდება. ირაკლი კობახიძემ იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც საქართველო რუსეთთან მიმართებაში ახორციელებს და რომელსაც, მისი თქმით, ფართოდ უჭერენ მხარს დასავლელი პარტნიორები.
“აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ფედერაციასთან ვახორციელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც ფართოდ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ეს პოლიტიკა 2012 წლიდან შევცვალეთ და მოვახერხეთ, მნიშვნელოვნად გაგვეუმჯობესებინა სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება ჩვენს ქვეყანაში. ახლა გვაქვს არა მხოლოდ უფრო მაღალი დონე სტაბილურობისა და უსაფრთხოებისა ჩვენს ქვეყანაში, არამედ, წვლილი შეგვაქვს რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. საქართველო ასრულებს პოზიტიურ როლს რეგიონში. ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში. აქტიურად ვთანამშრომლობთ დასავლელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ნატოსთან და ამ მუდმივი ძალისხმევით, პრაგმატული პოლიტიკითა და მოთმინებით, გვჯერა, რომ საბოლოოდ, ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი მიღწეული იქნება და ჩვენ ევროკავშირისა და ნატოს წევრები გავხდებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული წარმატების მიღწევა მოხერხდა, თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ პროგრესი არ არის.
„რუსეთის ფედერაციასთან გარკვეული წარმატების მიღწევა მოვახერხეთ, რაც ჰუმანიტარულ, სავაჭრო, სატრანსპორტო, ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობას უკავშირდება. თუმცა, რაც შეეხება პოლიტიკურ პროგრესს, ამ მხრივ, უბრალოდ ნულია. არ გვაქვს არანაირი პოლიტიკური პროგრესი და ტენდენცია ნეგატიურია. ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა ძალიან სერიოზული დარღვევების მოწმე ვართ, ადამიანთა გატაცება და მკვლელობაც კი, რეგულარულად ხდება. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. არის დარღვევების სხვა შემთხვევებიც: მაგალითად, ქართველ ბავშვებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ, არ შეუძლიათ განათლების მშობლიურ ენაზე მიღება. ეს მას ნიშნავს, რომ მათ აღარ აქვთ განათლების მიღების საშუალება, რადგან მათი უმეტესობა სხვა ენაზე არ საუბრობს. ასე რომ, ვითარება საკმაოდ მძიმეა, ადამიანის უფლებები დარღვეულია და ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პრობლემაა მცოცავი ანექსია. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის შესაჩერებლად, ხმა უნდა აიმაღლოს.
„საერთაშორისო საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს, რომ ეს აგრესია შეაჩეროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. 2008 წელს, როდესაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ომი მოხდა, ადამიანთა უმრავლესობა, ალბათ, არ ელოდა, იგივე შეიძლებოდა, სხვა ქვეყნებშიც განმეორებულიყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, იმავე მოხდა უკრაინაში. ახლა ჩვენ მოწმენი ვართ მოვლენების პრობლემატური განვითარებისა უკრაინაში, აზოვის ზღვაში. ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ფედერაციის შესაძლო აგრესიაზე და იმედი გვაქვს, რომ გვექნება ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ამ კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სემინარში მონაწილეობა ესტონეთის პოლიტიკური, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და თანხმლები დელეგაციის ვიზიტი ესტონეთში დღეს დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ესტონეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი შედიან.