ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დოჰაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას, კავშირის პრეზიდენტს, გაბრიელა კუევას ბარონს შეხვდა.
მხარეებმა 2020 წელს, საქართველოში, ახალგაზრდა პარლამენტარების პარლამენტთაშორისი გლობალური კონფერენციის გამართვის საკითხი განიხილეს, რასთან დაკავშირებითაც, განაცხადი ჩვენს ქვეყანას გაკეთებული აქვს.
საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, იგი მხარს უჭერს კონფერენციის ჩვენს ქვეყანაში გამართვას, რადგან მნიშვნელოვანია, საქართველომ სამიტის მონაწილე ქვეყნებს ინსტიტუტების რეფორმირების, კორუფციასთან ბრძოლის, ღია მმართველობის, სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიაროს. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტმა საქართველოში სტუმრობის სურვილი გამოთქვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გაბრიელა კუევას ბარონს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტთან ჩვენს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის პრეზიდენტის მხრიდან გამოიხატა მხარდაჭერა ამ თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით. ჩვენ გვაქვს ასევე შეტანილი მომავალი წლის გაზაფხულისთვის განაცხადი იმის თაობაზე, რომ ახალგაზრდა პარლამენტარების გლობალური სამიტი საქართველოში ჩატარდეს და პრეზიდენტმა გამოხატა საკუთარი პირადი მხარდაჭერა ამ საკითხის მიმართ. იმედი გვაქვს, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირი, საბოლოოდ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ სამიტის საქართველოში ჩატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.
ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის მნიშვნელობას.
„ასამბლეა იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ვესაუბროთ ჩვენს მეგობრებს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით. იმართება ორმხრივი შეხვედრები ასამბლეის ფორმატში სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ამ კუთხით ჩვენთვის მნიშვნელოვანია კავშირების გაღრმავება და თანამშრომლობის განვითარება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გაბრიელა კუევას ბარონის შეფასებით, საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ჩართული საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის მუშაობასა და გლობალურ დიალოგში.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით 2020 წელს, საქართველოში ახალგაზრდა პარლამენტარების კონფერენციის გამართვის ორგანიზების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი ამ საკითხს, ასევე ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას შეეხო. საქართველო მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს გამჭვირვალობის, საჯარო ადმინისტრირების კუთხით. იმედი მაქვს, მალე მექნება შესაძლებლობა, ვეწვიო საქართველოს და გავაგრძელოთ არა მხოლოდ მსჯელობა, არამედ ვიხილოთ, როგორ შეუძლია საქართველოს, პარლამენტართა საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიაროს მეტი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა“, – აღნიშნა კავშირის პრეზიდენტმა.