ირაკლი კობახიძე - საელჩოს თანამშრომელმა თუ დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე, ელჩის სახელით მოსთხოვა ანგარიში კონკრეტულ საქმეზე და მოხსნა ვიზიტიდან, ეს არამარტო ზეწოლა, არამედ გაუგონარი მოვლენაა
საელჩოს თანამშრომელმა თუ დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე, ელჩის სახელით მოსთხოვა მას ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამ ნიადაგზე მოხსნა ის რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი ვიზიტიდან, ეს არის არამარტო ზეწოლა მოსამართლეზე, არამედ ეს არის გაუგონარი მოვლენა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გაემიჯნოს ელჩი ასეთ მომხდარ თუ შესაძლო შემთხვევას.
„რაც შეეხება კონკრეტულად მოსამართლის თემას, ჩვენ ვთქვით ასეთი რამ – თუ ეს მართლა მოხდა, თუ საელჩოს თანამშრომელმა დაიბარა მოსამართლე ჩხიკვაძე, ელჩის სახელით მოსთხოვა მას ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და ამ ნიადაგზე მოხსნა ის რამდენიმე დღის წინ დაგეგმილი ვიზიტიდან, ეს არის არამარტო ზეწოლა მოსამართლეზე, არამედ ეს არის გაუგონარი მოვლენა. როდესაც ასეთი რამ ხდება, წარმოუდგენელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ გაემიჯნოს ელჩი ასეთ მომხდარ თუ შესაძლო შემთხვევას.
თავის დროზე, როცა ნაცმოძრაობის ტელევიზიებმა აწიეს კამპანია ამასთან დაკავშირებით, გახსოვთ რომ ისინი, „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები ადანაშაულებდნენ საელჩოს ასეთ ზეწოლაში. ჩვენ ვამბობდით, რომ ამას საელჩო არ იკადრებდა, მაგრამ ამის შემდეგ ხდება, რომ კითხვები დაისვა დეპუტატების მხრიდან, ამ კითხვაზე საელჩოს მხრიდან პასუხი არ გაიცა, აქ საზოგადოება არის გაურკვევლობაში. შესაბამისად, მარტივად არის საქმე, დაისვა კითხვა, ელჩს რომ ეთქვა ასეთი რამ არ მომხდარა ან მოხდა და ეს არის მიუღებელი დამთავრდებოდა ყველაფერი ერთ წამში. ეს არ მოხდა სამწუხაროდ, ამაზე ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.