ირაკლი კობახიძე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება
ირაკლი კობახიძე - „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილსა და დისპოზიციის ნაწილში.

„კანონპროექტს სერიოზული პრევენციული ეფექტი ექნება. დანარჩენი, რაც ოპოზიციის მხრიდან გესმით, სპეკულაციებია. როცა სანქცია მკაცრდება, ამას ავტომატურად პრევენციული ეფექტი აქვს. შესაბამისად, კანონპროექტს მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

„საარჩევნო კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე, „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება. კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ.