ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა

სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში დეოლიგარქიზაციის ვალდებულის შესრულებას.

„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში, ეს ერთი. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, როდესაც საუბარია ოლიგარქიზაციაზე, აქ არ არის ნაგულისხმევი ბიძინა ივანიშვილი.

„ვერავითარი ფაქტით და არგუმენტით ეს ვერ იქნებოდა ნაგულისხმევი და არც არის ნაგულისხმევი, ბუნებრივია. ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით. გარდა ბიზნესმენისა, ის არის ფილანტროპი და ქველმოქმედი. 2012 წელს მან დაასრულა სისხლიანი რეჟიმი ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება აქ საუბარი ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არა მარტო ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ოლიგარქებისგან ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ.

ოლიგარქი არის ის, ვინც ძარცვავდა და ძარცვავს ქვეყანას. ასეთი გვყავს ჩვენ რამდენიმე. უკვე ჩამოგითვალეთ, სააკაშვილი, კეზერაშვილი და რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, კაცს, რომელსაც 3 მილიარდი დოლარი ქველმოქმედებაზე აქვს დახარჯული, თქვენ უწოდებთ ოლიგარქს, ეს თქვენი პრობლემაა, ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის პრობლემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.