ირაკლი კობახიძე - რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, ამის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა
ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
„ჩვენ გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა და ხშირად ამას გვსაყვედურობენ, რატომ ვართ ფრთხილები, პრაგმატულები და რატომ არ ვსჯით საკუთარ ხალხს. ეს ყველაფერი რომ გადაითარგმნოს, რას გულისხმობს სინამდვილეში, ჩვენ გვსაყვედურობენ, რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, ოღონდ, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისი თქმით, ყველას ესმის, რატომ ფრთხილობს მოლდოვა, რომელიც დღემდე დსთ-ს წევრია, მაგრამ საქართველოს პრაგმატული პოლიტიკა რატომღაც არ ესმით.
„მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს არ გახდება ნატო-ს წევრი, დღემდე არ დაუწესებია სანქციები რუსეთის ფედერაციისთვის და ფრენებიც არსებობს, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ სრულდება, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, მოლდოვას საზღვარი აქვს მხოლოდ უკრაინასთან და ევროკავშირთან და ფიზიკურად ვერ სრულდება რუსეთ-მოლდოვას შორის ფრენები, თორემ მოლდოვას არ მიუღია ფრენების დახურვის გადაწყვეტილება. ყველას ესმის, რატომ ფრთხილობს მოლდოვა. ანუ, მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამას ყველა გაგებით ეკიდება და არავინ საყვედურობს. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოლდოვაში მოქმედი ხელისუფლება არის პრორუსული ან რაღაც. თქვენ იცით, საქართველოზე რასაც ლაპარაკობენ, ათას სისულელეს და აბსურდს. როცა მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა ყველას ესმის, ჩვენი კი ამის ნახევარიც არ ესმით, როცა ესმით, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრად რჩება, რუსეთის ქოლგის ქვეშ მთავარ გაერთიანებაში და ამ ქვეყნის ორჯერ მეტი სიფრთხილე ესმით, შენი კი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს, რა არის ამის მიზეზი. მიზეზი არის ერთი რაღაც, საქართველოდან ელოდებიან სხვა რამეს, ვიდრე მოლდოვისგან და ამაზე ასეთი თუ ისეთი მინიშნებებით ხშირად გვისაუბრია. საქართველოსგან, სამწუხაროდ, უნდათ სხვა რამ. არის გლობალური ომის პარტია, რომელსაც, მოლდოვისგან განსხვავებით, საქართველოსგან სხვა რამის მოლოდინი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქართული ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ირაციონალური რეზოლუციების მხარდაჭერის მოთხოვნით და ა.შ., ხელისუფლებისგან მუდმივად ითხოვდა და ითხოვს, რომ ხელისუფლებამ გადაუხვიოს პრაგმატული პოლიტიკიდან, რომლის მიზანიც მშვიდობის შენარჩუნებაა.
„2018 წლიდან კიდევ უფრო გააგრესიულდა ოპოზიცია ამ მიმართულებით. ისინი მუდმივად გვთავაზობდნენ ისეთ რიტორიკას, რეზოლუციების დამტკიცებას და ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მეტ და მეტ ესკალაციას გამოიწვევდა და გამოიწვევდა პრაგმატული პოლიტიკად გადახვევას, რომლის ერთადერთი მიზანი იყო მშვიდობის შენარჩუნება. ჩვენი ეროვნული ამოცანა არის სუვერენიტეტის შენარჩუნება-განმტკიცება და ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გვაქვს საგარეო პრიორიტეტები და ვერცერთი ეს ამოცანა ვერ შესრულდება, თუ მშვიდობას არ შევინარჩუნებთ. ამ დროს კი, განსაკუთრებით, 2018 წლიდან მოყოლებული, და კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულად უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენგან მუდმივად ითხოვდნენ ხელოვნურ ესკალაციას. ამის მიზანი რა იყო, საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა ამოიცნოს. საბოლოო ჯამში, მიზანი იყო ის, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო კონკრეტული მიზნებისთვის; მათ შორის, ამ რადიკალური ოპოზიციის გათვლით, საქართველოს ის როლი უნდა შეესრულებინა, რა როლშიც, სამწუხაროდ, დღეს არის უკრაინა. საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ ვერ დავუშვებდით და, აქედან გამომდინარე, რაც მოვახერხეთ, ეს იყო პრაგმატული პოლიტიკის შენარჩუნება, რასაც დღემდე ვინარჩუნებთ. ზეწოლა და წნეხი ძალიან დიდია, ცდილობენ, რომ გადაგვახვევინონ პრაგმატული პოლიტიკიდან და გააძლიერონ ესკალაციის ხარისხი, მაგრამ ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. თავი დავანებოთ ყველაფერს, პირდაპირ ითხოვდნენ ჯერ სანქციების დაწესებას, მერე – მოხალისეების გაგზავნას, იარაღის დიდი ოდენობით შესყიდვას და ა.შ. ამაზე ღიად რა უნდა ეთქვა რადიკალურ ოპოზიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.