ირაკლი კობახიძე - რუსეთში განვითარებულ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ
რაც შეეხება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს, ამ მოვლენებს ჩვენ უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მმართველი გუნდის თავმჯდომარეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
„ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს არის და ეს, მეტი არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომენტარი სთხოვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას ფეისბუქსტატუსთან დაკავშირებით, სადაც ის უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მოწოდებით გამოდის.
„ასეთი სისულელე ადრე თვითონ გახარიასაც კი არ უთქვამს. ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული. ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი სახელმწიფო უწყებები. სახელმწიფო მყარად დგას უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს, გახარიას მითითება ამასთან დაკავშირებით არ გვჭირდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
„ჩვენ ვერ ჩავერევით ვერცერთი სახელმწიფოს, მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არ არის ჩვენი საქმე. ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას, უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.