ირაკლი კობახიძე - რომ არა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებები, რუსეთს აგრესიული სცენარის განხორციელების საშუალება არ მიეცემოდა
თავის დროზე, როცა კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილებას ვიღებდით, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან ყველა საკითხზე, მათ შორის, აგვისტოს ომთან დაკავშირებითაც გვქონდა კომუნიკაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ მისი პოზიცია დავაზუსტეთ, რადგან, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო და მისი კანდიდატურის მხარდაჭერის თაობაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, როცა დავრწმუნდით, რომ ამ თემაზე მისი პოზიცია ჩვენს პოზიციას ემთხვეოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ჰქონდა თუ არა მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილთან აგვისტოს ომის თემაზე კომუნიკაცია, რადგან ოპონენტების აზრით, მმართველმა გუნდმა, საპრეზიდენტო კანდიდატს პოზიციის ისე ჩამოყალიბება სთხოვა, როგორც დღეს მოვისმინეთ და სალომე ზურაბიშვილმა რიტორიკა შეცვალა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ღირსეული პრეზიდენტი იქნება და შინ თუ გარეთ, ქვეყნის ინტერესებს სათანადოდ წარმოადგენს.
„ჩვენ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი კანდიდატი არ დავაყენეთ და მხარი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას დავუჭირეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, იყო გარკვეული განცხადებები, რამაც ოპონენტებს ინტერპრეტაციების საშუალება მისცა, მაგრამ ომის დაწყების საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა დღეს ნათლად გასცა პასუხი კითხვას და აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, 2008 წელს აგრესორი რუსეთი იყო, რომელმაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განახორციელა და ამაზე არავინ დავობს, თუმცა, მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის დანაშაულიც, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სააკაშვილმა, მისმა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა იმ მოქმედებებით, რაც 2008 წელს განახორციელა.
ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რომ არა ის ავანტიურისტული, დანაშაულებრივი, თუ მოღალატეობრივი ქმედებები, რომლებიც მაშინ პირადად სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხალხის წინაშე განახორციელა, რუსეთს თავისი აგრესიული სცენარის განხორციელების საშუალება ნამდვილად არ მიეცემოდა.
„ამ დანაშაულის შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ასეულობით ადამიანის დაღუპვა და ათასობით დევნილი ამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ეს უმძიმესი შედეგია, რაზეც პასუხისმგებლობას ის ხელისუფლება ვერ გაექცა და „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართულმა საზოგადოებამ 2012 წელს ის სწორედ ამიტომ გაისტუმრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.