საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა ხელისუფლების ოპონენტები თავს იზღვევენ არჩევნების წინ, იწყებენ ცესკო-ს კრიტიკას, საარჩევნო ადმინისტრაციის კრიტიკას და ზოგადად, საარჩევნო პროცესების კრიტიკას. ამის შესახებ მან 29 აგვისტოს საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შესახებ განაცხადა.
„ამას ჩვენ მიჩვეული ვართ. მთავარია, როგორი შეფასებები დაიდება ჩვენი პარტნიორების მიერ, როდესაც დასრულდება საარჩევნო პროცესი და მეც დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ეს შეფასებები იქნება დადებითი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომასალას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სისტემური პრობლემა არ არსებობს.
„მთავარია, სისტემური პრობლემა არ არსებობს თუ არის სადმე რამე კონკრეტული გადაცდომა, ამაზე რეაგირება მართებს ცესკო-ს მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც, ცესკო სათანადოდ ჩაეძიება ამ საკითხს და თუ არის სამართალდარღვევა, ამას უნდა ქონდეს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე ჩანაწერი წარადგინა, სადაც მისივე თქმით, ინკოგნიტო პირი კრწანისის რაიონის საოლქო და საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს ესაუბრება, რომლებიც ამბობენ, რომ კომისიაში დასასაქმებელ პირთა სიებს მმართველი პარტიის კრწანისის რაიონის კურატორისგან იღებენ.