ირაკლი კობახიძე - ზაზა ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა დავალიანება არ გადაეხადა
ირაკლი კობახიძე - ზაზა ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, რათა დავალიანება არ გადაეხადა

ოქუაშვილი მადლობას უხდიდა „ქართულ ოცნებას“, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელშეწყობით, სრულიად უანგაროდ, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე დაიბრუნა საკუთარი ბიზნესი, საკუთარი ტელევიზია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის თოქ-შოუში „პირისპირ“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი სწორედ 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის საფუძველზე მოხდა, რაც ოქუაშვილს საჯაროდ არაერთხელ აღუნიშნავს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში თავისუფალი ბიზნესგარემოა, ხოლო ოქუაშვილის ბრალდებების მიზანი არსებული დავალიანების გადახდისგან თავის არიდებაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმისთვის რომ 50 მილიონის ოდენობით დავალიანება არ გადაეხადა, ზაზა ოქუაშვილმა მოკავშირედ გაიხადა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი კუთვნილი ტელევიზია და ამ გზით სცადა ვალისგან „თავის დაძვრენა“.

„თუმცა, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ხელისუფლება. ჩვენი პასუხისმგებლობაა ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა. რეალურად, ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ამით, რადგან სათანადოდ, სრულად უზრუნველყოფილია თავისუფალი ბიზნესგარემო. ამასთანავე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ ყველა ბიზნესმენმა გადაიხადოს გადასახადი, რომელიც ეკუთვნის ხალხს. ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ინსტრუმენტები გამოიყენება ვალისგან თავის დასაძვრენად, ამას სჭირდება სათანადო პასუხი და მოჰყვა კიდეც რეაქცია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.