ირაკლი კობახიძე - როდესაც კონკრეტული ოპოზიციონერები თუ არასამთავრობოები პირდაპირ საუბრობენ მეორე ფრონტის საჭიროებაზე, ასეთ დროს სასურველია რაც შეიძლება მეტი საპირისპირო განცხადება
ირაკლი კობახიძე - როდესაც კონკრეტული ოპოზიციონერები თუ არასამთავრობოები პირდაპირ საუბრობენ მეორე ფრონტის საჭიროებაზე, ასეთ დროს სასურველია რაც შეიძლება მეტი საპირისპირო განცხადება

როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ მეორე ფრონტის საჭიროებაზე, ამაზე კარგი იქნებოდა საპირისპირო განცხადების გაკეთება, თუმცა ჩვენ ეს არ მოგვისმენია, მხოლოდ მმართველი პარტიის საპირისპირო განცხადებები ასეთ დროს არ არის ხოლმე საკმარისი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებაზე, სადაც დეგნანი ამბობს: „როცა მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში, ეს 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა“.

„მე შეგახსენებთ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების ლიდერები, მაგალითად, ეკა გიგაური, პირდაპირ საუბრობდა მეორე ფრონტის გახსნის საჭიროებაზე, პირდაპირ საუბრობდა ცხინვალსა და სოხუმში შესვლაზე. ასეთ დროს, როდესაც ორგანიზაცია ფინანსდება უცხოური წყაროებიდან, მნიშვნელოვანია, რომ დაფინანსების წყარომ გააკეთოს საპირისპირო განცხადება, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს არ მოგვისმენია. შეიძლება, ამას ჰქონდა ტექნიკური მიზეზი, ასევე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირი თუ ირიბი ფორმით მიანიშნებენ მეორე ფრონტზე, ამაზეც კარგი იქნებოდა საპირისპირო განცხადების გაკეთება, თუმცა ჩვენ ეს არ მოგვისმენია და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში წარმოიშვება გარკვეული ვარაუდები. ეს არის ძალიან სამწუხარო, ახლა ამის გაღვივების უკან რუსეთი დგას, თუ არ დგას, ეს მე არ ვიცი. ამის ფაქტები არ მაქვს. შეიძლება, ელჩს ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით ფაქტები, მაგრამ ერთ რამეს ვისურვებდი, როდესაც კონკრეტული ოპოზიციონერები თუ ენჯეოები პირდაპირ საუბრობენ მეორე ფრონტის საჭიროებაზე, ასეთ დროს სასურველი იქნება, რომ გაისმას რაც შეიძლება მეტი საპირისპირო განცხადება. მხოლოდ მმართველი პარტიის საპირისპირო განცხადებები ასეთ დროს არ არის ხოლმე საკმარისი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.