კელი დეგნანი - როცა მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში, ეს 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში აშშ მუშაობდა ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის.

მისივე თქმით, თითქმის ყველაფერი, რაც აშშ-ს გაუკეთებია და რასაც აკეთებს საქართველოში, მიმართულია მხარდასაჭერად ქართველი ხალხის სურვილის, იყვნენ ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი.

„ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს კანდიდატურას ევროკავშირში, რადგან გვსურს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს მის ევროპულ მისწრაფებებში. როდესაც მესმის, რომ ხალხი ამბობს, აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს, ჩაითრიოს ომში მეორე ფრონტის გახსნით, ეს არის 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაცია. ეს აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია ამ ომის შესაჩერებლად, ამ ბრძოლის შესაჩერებლად. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდეც აშშ იყო ქვეყანა, რომელიც დაუღალავად მუშაობდა, რომ არ დაეშვა ეს ომი. ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს, ვიხილოთ საქართველოს ამ ომში ჩათრევა. ჩვენი აზრით, ის, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა და სტაბილურობა, კეთილდღეობა, თქვენ ამის ხილვა შეგიძლიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში. სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილად ყოფნას მოყვება. ჩვენ გვსურს ეს საქართველოსთვის. ასევე ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განმარტებით, აშშ გააგრძელებს სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სურვილის მიმართ, იყოს სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში.

ამასთან, კელი დეგნანს ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რომ „ბოლო დროს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აკეთებენ ანტიდასავლურ განცხადებებს“. კელი დეგნანის განცხადებით, რისი თქმაც შეუძლია, არის ის, რომ არ იცის არც ერთი ადამიანი საქართველოში, ვისაც სურს, საქართველო ომის ნაწილი იყოს.

„პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ მე არ ვიცი არც ერთი ადამიანი საქართველოში, ვისაც სურს, საქართველო იყოს ამ ომის ნაწილი. აშშ-მა კარგად იცის, რა გამოიარეს ქართველებმა და რას გრძნობენ იმასთან დაკავშირებით, რაც უკრაინაში ხდება. უკრაინის მხარდასაჭერად გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება ძალიან კარგი დემონსტრირებაა, რას გრძნობენ ქართველები ამ ბრძოლაში. რაც დანამდვილებით საჭიროა, არის არა ეს ბრძოლა ქართველებს შორის, ქართველები უნდა გაერთიანდნენ. ეს არის საკითხი, სადაც ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გვერდით გადადებს მათ უთანხმოებას და გაერთიანდებიან ამ ქვეყნის მომავლის ინტერესებისთვის, ამ ქვეყნის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა, ერთიანობა და არა ბრძოლა. მინდა, ვიხილო ქართველები, რომლებიც მისდევენ თავიანთ მოდელს „ძალა ერთობაშია“. ეს არის ის, რაც ახლა საჭიროა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.