ირაკლი კობახიძე - როცა პარტია უარს ამბობს პარლამენტზე, არ უნდა ისარგებლოს პრივილეგიებით, იგეგმება კანონპროექტის ინიცირება
პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოხდეს და საკანონმდებლო ორგანომ მისი განხილვა დეკემბერში დაიწყოს.
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლოგიკურია ის, რომ როცა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე, მან არ უნდა ისარგებლოს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ მანდატთან არის დაკავშირებული.
„ეს არის ლოგიკური ინიციატივა და მსჯელობა გაგრძელდება. შეიძლება, შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის სახითაც შევიდეს პარლამენტში, რაზეც შემდეგი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს. თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე, ეს ძალიან მარტივია. როცა ხალხმა მანდატი მოგანიჭა და ამით არ სარგებლობ, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, შესაბამისი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდე. არგუმენტები არის ძალიან მყარი და ამ ინიციატივის განხილვას გავაგრძელებთ. შეიძლება, პარლამენტში კანონპროექტი ინიციატივის წესით უახლოეს პერიოდში შევიდეს, დეკემბერში კი, ასეთ პროექტზე მსჯელობა შემდეგ მოწვევას მოუწევს”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია პარლამენტში შევა და არ იქნება საჭირო ასეთი კანონისთვის სათანადო ძალის მინიჭება.
„პარლამენტში მათი შესვლა საჭიროა, რომ ქართული დემოკრატია სათანადოდ განვითარდეს. პარტიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მანდატებია, ვიდრე თუნდაც დაფინანსება. როცა მთავარ პრივილეგიაზე – პოლიტიკურ მუშაობაზე თავად ამბობ უარს, ასეთ დროს პრეტენზია დაფინანსებაზე ვერ ექნებათ. ეს არის მარტივი სამართლებრივი ლოგიკა“, – განაცხადა კობახიძემ.