ირაკლი კობახიძე - რიგგარეშე არჩევნებზე არ არის საუბარი, ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის
გუნდში გვქონია არაერთი პროცესი, სადაც საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება, არ შეესაბამებოდა თუნდაც უმრავლესობის გადაწყვეტილებას, ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პროპორციული სისტემის პროექტის ჩავარდნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ შეიძლება იყოს.
„არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ არის საუბარი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ეს არის ის დღის წესრიგი, რომლითაც ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენს გუნდში გვქონია არაერთი პროცესი, სადაც საბოლოო ჯამში მიღებული იქნა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამებოდა საბოლოო ჯამში თუნდაც უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ეს არის შიდა დემოკრატიული პროცესი. ერთ-ერთი პროცესი რაც გვაქვს ჩვენ 2012 წლის შემდეგ არის ის, რომ დეპუტატები აღარ არიან მხოლოდ ღილაკის მიმჭერები. თქვენ გახსოვთ, რომ ერთ-ერთი მთავარი კრიტიკა რაც ისმოდა, იყო ის, რომ ისინი იყვნენ ღილაკის მიმჭერები. ეს ხაზი განავითარეს, გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებსაც არა აქვთ არანაირი პასუხისმგელობა. იყო არაერთი საკითხი, სადაც არსებობდა განსხვავებული პოზიციები, მათ შორის ხელმძღვანელობასა და კონკრეტულ დეპუტატებს შორის. ეს არის შიდა პარტიული დემოკრატია, ეს იყო, მაგალითად, მარიხუანას საკითხი, იყო გენდერული კვოტირების საკითხი, სადაც კინაღამ გუნდი გაგვეხლიჩა, ეს იყო სასამართლო ხელისუფლების საკითხი, სხვა არაერთი საკითხიც იყო, სადაც იყო განსხვავებული პოზიცია თუნდაც ხელმძღვანელობასა და დეპუტატებს შორის და საბოლოოდ კი იყო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ასახავდა პოზიციებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის საკონსტიტუციო ცვლილებებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო. საკითხზე თავისუფალი კენჭისყრა ჩატარდა. საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ პროექტს კი, 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი წინააღმდეგი იყო.