ირაკლი კობახიძე - რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს, ასევე სამართლებრივად უნდა განისაზღვროს ზომები მათ მიმართ
ირაკლი კობახიძე - რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს, ასევე სამართლებრივად უნდა განისაზღვროს ზომები მათ მიმართ

ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„კეზერაშვილი აღიარებს, რომ არის ოლიგარქი, მას აქვს ძალიან ბევრი ფული, აფინანსებს პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიასაშუალებებს, ანუ არის ოლიგარქი. ამ ე.წ. სისტემური მიდგომით, რასაც ვენეციის კომისია თავის დასკვნაში წერს, ამ პრობლემას საერთოდ ვერ გადაჭრი. ამაშია საქმე. პერსონალიზებული მიდგომა კი გულისხმობს შემდეგს – შენ აიდენტიფიცირებ ადამიანს ოლიგარქად და მის მიმართ აწესებ იმაზე მეტ შეზღუდვას, ვიდრე შეიძლება, სხვა პირის მიმართ მოქმედებდეს, – აღნიშნა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მმართველი გუნდი იმას, რომ ვენეციის კომისია ამ ყველაფერში პოლიტიკური პირების დევნის რისკს ხედავს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მაშინ ევროკომისიამ უნდა თქვას, რომ ითხოვს არა დეოლიგარქიზაციას, არამედ რეფორმების გატარებას ამა თუ იმ სფეროში.

„ეს ხომ ჩვენი თვითმიზანი არ არის? ჩვენ არ გვაქვს ამის ინტერესი. მაშინ ევროკომისიამ უნდა თქვას, რომ ითხოვს არა დეოლიგარქიზაციას, არამედ რეფორმების გატარებას ამ და ამ სფეროში“, – აღნიშნა კობახიძემ.

თამთა სანიკიძემ გადაცემის სტუმარს პაველ ჰერჩინსკის განცხადება შეახსენა, სადაც მან თქვა, რომ ევროკომისია ვენეციის კომისიის დასკვნას იზიარებს და სისტემური მიდგომა სჯობს, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ეს საკმარისი არ არის.

„ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ჩანაწერის გადახედვა. ვენეციის კომისიის დასკვნას თუ იზიარებს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ დეკემბერში უნდა დავრწმუნდეთ ამაში. ევროპული საბჭო როცა განაახლებს საკუთარ, ასე ვთქვათ, ხედვას რეფორმებთან დაკავშირებით, მათ უნდა თქვან, რომ ამ კანონის გარეშეც დეოლიგარქიზაციის თემა არის მოხსნილი. ეს უნდა თქვან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს ხისტი მიდგომა და ბოლომდე ითვალისწინებს ევროკომისიის პოზიციას.

„ჩვენ ვთქვით ასეთი რამ, მოდით, ავიღოთ დრო, დეკემბერში ევროკომისია და ევროპული საბჭო იმსჯელებენ ამ თემასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, ჩვენ არ ვჩქარობთ ამ კანონის ამოქმედებას. ჩვენ გადავწიეთ კანონის ამოქმედება მარტისთვის და მომავალი წლის 1-ელ მარტამდე ეს კანონი არ ამოქმედდება. ევროკომისია და ევროპული საბჭო თუ საბოლოო ჯამში დაადასტურებენ თანხმობას ვენეციის კომისიასთან და ამ საკითხს რეფორმების გეგმიდან თუ მოხსნიან, ამ შემთხვევაში, აქვე ვდებთ პირობას, რომ თებერვალში ეს კანონი გაუქმდება. პუნქტი თუ  უცვლელი დარჩება, მაშინ, რა თქმა უნდა, კანონი ამოქმედდება, რადგან მაშინ გამოდის, რომ, სინამდვილეში, ევროკომისია და ევროპული საბჭო არ იზიარებენ ვენეციის კომისიის მიდგომას. დეოლიგარქიზაცია, თვითონ სიტყვაც უკვე ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ბუნდოვანი რეგულაციები როცა რჩება, ამ შემთხვევაში რჩება სივრცე სპეკულაციებისთვის.

„ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ბუნდოვანების დატოვება, მოხსენით ეს პუნქტი, დეოლიგარქიზაცია და ვისაუბროთ სისტემურ რეფორმებზე ზოგად ჭრილში, მაგრამ თუ რჩება თემა დეოლიგარქიზაცია, ამ შემთხვევაში ვიღაცამ სამართლებრივად უნდა დაადგინოს, ვინ არის ოლიგარქი და სამართლებრივად უნდა იყოს განსაზღვრული ასევე ზომები ოლიგარქების მიმართ. სამართლებრივად უნდა დადგინდეს ეს, რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი,  სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი, არის ერთი, მეორე თუ მესამე“, – განაცხადა კობახიძემ.