ირაკლი კობახიძე - რაგბი ძალიან ახლოს არის ქართველების მებრძოლ სულთან, რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში
რაგბი ძალიან ახლოს არის ჩვენს ხასიათთან, ქართველების მებრძოლ სულთან და შემართებასთან, ამიტომ გვიყვარს სპორტის ეს სახეობა და ამიტომ ვფიქრობთ, რომ რაგბი ნამდვილად არის ჩვენი თამაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ფონდი „ქართუს“ მიერ საქართველოს რაგბის კავშირისთვის სამი ახალი სარაგბო კომპლექსის გადაცემის ღონისძიებაზე განაცხადა.
„თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ მარტო ხასიათი და შემართება არ არის საკმარისი. როგორც ვიცით, როდესაც სპორტზეა საუბარი, სპორტის განვითარებას სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში რაგბის აქვს ამხელა მხარდაჭერა და თანადგომა.
ამ წლების განმავლობაში, რაგბი მუდმივად ვითარდებოდა საქართველოში, იცვლებოდა თაობები ქართულ რაგბიში, ჩვენს ნაკრებში და თაობის ცვლასთან ერთად, კიდევ უფრო ვითარდებოდა ჩვენი რაგბი და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვაღწევდით სპორტის ამ სახეობაში.
რა თქმა უნდა, რაგბის სჭირდება შემდგომი მხარდაჭერა, განვითარება და ძალიან კარგია, რომ მთავრობა ამისთვის ყველაფერს აკეთებს. პირადად პრემიერს, რომელიც არის რაგბის დიდი ქომაგი, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა.
განსაკუთრებული მადლობა ფონდ „ქართუს“, მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, მის ხელმძღვანელს და მადლობა რაგბის კავშირს, რომელსაც გული და სული აქვს ჩადებული სპორტის ამ სახეობის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი გადასცა.