ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც

ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც კულუარებში იმპიჩმენტისთვის მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის, რამდენი დღე აქვს დარჩენილი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ კენჭისყრის დროს იმპიჩმენტს 90-ზე მეტი დეპუტატი არ დაუჭერს მხარს.

„დაველოდოთ, რამდენიმე დღეა დარჩენილი. ცალკე ოპოზიცია ლაპარაკობს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს რაღაც კულუარებში მეტი ხმის მიღწევას, ცალკე სალომე ზურაბიშვილი გვაცოდებს თავს და ამბობს, რომ არ იცის რამდენი დღე აქვს დარჩენილი. არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. დაველოდოთ, რამდენიმე დღეში იქნება კენჭისყრა და დარწმუნებული ვარ, რომ 90 ხმაზე მეტი არ დაჯდება, მე ვარ ამაში დარწმუნებული. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაციები. უნდათ, თქვან, რომ ჩვენ ვცდილობთ ხმების მობილიზებას, როცა გამოჩნდება მერე იქ 89, 90 თუ 88 ხმა, მერე იტყვიან, რომ აი, ვერ მოახერხესო. მარტივი სპეკულაციებია ეს ყველაფერი. სინამდვილეში, დარწმუნებული ვარ, რომ 90-ზე მეტი ხმა არ დაჯდება, საბოლოო ჯამში, ტაბლოზე, როდესაც უკვე დასრულდება კენჭისყრა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, სინამდვილეში, ყველასთვის გასაგებია, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის, არჩევნების შემდეგაც.

„მარტივი სპეკულაციებია, რასაც მათგან ვართ მიჩვეული. უნდა თქვან, რომ ვცდილობდით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, მარტივი რაღაცაა. სინამდვილეში, ყველამ ვიცით, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილი სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას. რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ძალიან სჭირდება სალომე ზურაბიშვილი საარჩევნოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე, მათ შორის არჩევნების შემდეგაც. მათ იციან, რომ წააგებენ არჩევნებს, ემზადებიან არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის, როცა კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ ლაპარაკი იმაზე რომ არჩევნები გაყალბდა და ა.შ. მათ სჭირდებათ თავიანთი პარტნიორი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ შეელევა ამ ერთი წლის განმავლობაში თავიანთ ძვირფას პარტნიორს, სალომე ზურაბიშვილს. ისინი დარჩებიან ალიანსში და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, ადამიანს, რომელსაც უწოდებდნენ ჯაშუშს და რეზიდენტს, დატოვებენ პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მათ აქვთ მყარი ალიანსი ჩამოყალიბებული. მათ ჰყავთ საერთო პატრონი და პირდაპირ არიან შეკავშირებული ერთმანეთთან. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი თავიდანვე სწორედ რადიკალების იმედით არღვევდა კონსტიტუციას, მას აქვს სრული რწმენა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს მის გადაყენებას. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.