ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ სტატუსის მონიჭება დაიბლოკება უკრაინის მეშვეობით, ამისთვის გამოიყენებენ არახამიას, დანილოვს, რომელიც აქ მეორე ფრონტს ითხოვდა
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ სტატუსის მონიჭება დაიბლოკება უკრაინის მეშვეობით, ამისთვის გამოიყენებენ არახამიას, დანილოვს, რომელიც აქ მეორე ფრონტს ითხოვდა

ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის იმ განცხადებას, სადაც სამადაშვილი აღნიშნავს: „გეოპოლიტიკური მიზეზით მოგვცენ თუ არა სტატუსი, ამას რომ ზელენსკის დაეკითხებიან, ვინც ვერ ხვდება, ბრიყვია“.

„გუშინ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და თქვა, რომ ზელენსკის შეუძლია, დაგვბლოკოს, უკრაინის ხელისუფლებაზე ჰქონდა საუბარი, შეუძლია, დაბლოკოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი. ვიღაცებს ამის იმედი აქვთ, რომ, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლება იქნება გამოყენებული კანდიდატის სტატუსის დასაბლოკად“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება დაიბლოკება უკრაინის ხელისუფლების მეშვეობით. ირაკლი კობახიძის განმარტებით, სამართლიანი შეფასების შემთხვევაში, საბაბიც კი არ არსებობს, რომ დეკემბერში საქართველოს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

„ამის იმედი აქვთ. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ დეტალური ანგარიში 12 პუნქტთან დაკავშირებით, საიდანაც ჩანს, რომ დღემდე რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ 12 პუნქტის შესასრულებლად. შესაბამისად, საბაბიც კი არ არსებობს, რომ დეკემბერში ჩვენ არ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, თუ სამართლიანად შეფასდება ჩვენი ქმედებები, მაგრამ გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. როცა გადაწყვეტილება არის პოლიტიკური, დეკემბერში ვიღაცებს, ბუნებრივია, შეუძლიათ ზემოქმედება. ამ შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციას აქვს იმედი, რომ ერთ-ერთი, ვინც განახორციელებს უარყოფით ზემოქმედებას ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, იქნება უკრაინის ხელისუფლება. ბუნებრივია, ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის – გამოიყენებენ არახამიას, გამოიყენებენ იმავე დანილოვს, რომელიც საქართველოში ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. გამოიყენებენ პოდოლიაკს, რომელიც ითხოვდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, მაგრამ მე მაინც იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.