ირაკლი კობახიძე - რაც გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა, არის საქართველოს კანონდებლობისა და პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა
რაც გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა, სამწუხაროდ, არის საქართველოს კანონდებლობის და პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ აღნიშნა, რაც გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი არის საქართველოს რეგლამენტი, ამ დოკუმენტით, იმპერატიულად დადგენილია დებატების გამართვის პროცედურა.
„რეგლამენტის თანახმად, ჯერ გამოდიან ფრაქციები, შემდეგ სხვა სუბიექტები, მათ შორის უმცირესობა, უმრავლესობა, ვიცე-სპიკერები, სპიკერი, ამის შემდეგ აქვს მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს, საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. რეგლამენტში სწორად არის აგებული დებატების პროცედურა”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, ამისათვის არის დაგდგენილი შესაბამისი პროცედურა და ამის გამო გამოდის მომხსენებელი ბოლოს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლებიდან მოქმედებს საქართველოში რეგლამენტი და კონკრეტულად ეს პროცედურა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაციონალური პროცედურა, ეს ეხება ასევე სხვა ტიპის დებატებს, სხვა ტიპის დისკუსიებს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტში პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ. ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონთ ჩვენი რეგლამენტი, შეგვიძლია, ვისმჯელოთ, როგორ შეგვიძლია გადაიხედოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ის, რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ, სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს კანონმდებლობისა და პარლამენტის ინსტიტუტის უპატივცემულობა, რაც არის სამწუხარო. მე ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის.
გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება, ირაკლი კობახიძემ კი, მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას მიეცემოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.