ირაკლი კობახიძე - რა დროს იმპიჩმენტია, როდესაც სამ თვეში არჩევნები უნდა დაინიშნოს
რა დროს იმპიჩმენტია, როდესაც სამ თვეში არჩევნები უნდა დაინიშნოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მმართველი გუნდი არგუმენტებით საუბრობს, პრეზიდენტმა კონტრარგუმენტები უნდა დაუპირისპიროს.
„საქართველოს პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს არგუმენტებით, კონტრარგუმენტებით, როდესაც ჩვენ არგუმენტებით ვსაუბრობთ, თუმცა ამის სანაცვლოდ ჩვენ მოვისმინეთ სპეკულაციები სისხლის სამართლის თემასთან დაკავშირებით, შემდეგ გააგრძელეს იმპიჩმენტით. რა დროს იმპიჩმენტია, როდესაც სამ თვეში არჩევნები უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ინტერესებში პრეზიდენტთან დაპირისპირების გაღრმავება არ შედის, თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს შეწყალების პრობლემაზე.
„ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ შედის დაპირისპირების გაღრმავება საქართველოს პრეზიდენტთან, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სადღაც სამ თვეში უკვე საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და მათ შორის, შეწყალების საკითხს, აქ ძალიან მნიშვნელოვანია შეწყალების პრობლემაზე ყურადღების გამახვილება, მათ შორის, პრევენციისთვისაც.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდეს, თუნდაც შემდეგი პრეზიდენტის პირობებში, რომელიც აირჩევა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეფასდეს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჩიხრაძემ შეწყალებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ შესაძლო კორუფციის შესახებ განცხადებებზე და ამ საკითხის ირგვლივ შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.