ირაკლი კობახიძე - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი შეიძლება, უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსულუტურად გამორიცხულია
ირაკლი კობახიძე - ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი სისხლისმღვრელი ომი შეიძლება, უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ასეთი სცენარი აბსულუტურად გამორიცხულია

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ არის „ომის პარტია“ და არესტოვიჩის მეშვეობით ეს დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა.

კობახიძის განმარტებით, ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე ახლა ომით უნდა იბრუნებდეს ცხინვალსა და სოხუმს.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის თეორიულად, ომის შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას.

„ჯერ მოვისმინეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელიც ომში შეიყვანდა საქართველოს. ეს არესტოვიჩმა განაცხადა. შესაბამისად, ეს არის, რა თქმა უნდა, ოფიციალური კიევის პირით გაცხადებული პოზიცია. ვეთანხმებით ამაში, რომ „ნაცმოძრაობა“ არის ომის პარტია, რაც დაადასტურა უკვე ოფიციალურმა კიევმა პრაქტიკულად არესტოვიჩის პირით. ამის გაგრძელება იყო შემდეგი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თურმე უნდა იბრუნებდეს ახლა ომით ცხინვალსა და სოხუმს. აქ მნიშვნელოვანია ორი რამ, ერთი – ზოგადად რა შედეგებს მოუტანს თეორიულად ნებისმიერი ომი საქართველოს, ეს ყველასთვის უნდა იყოს ცხადი. ეს შედეგები იქნება ბევრად მძიმე, ვიდრე დღეს აქვს უკრაინას. წარმოიდგინეთ, კატასტროფაზეა საუბარი. დღეს რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ყოველი მესამე უკრაინელი უკვე თავის საცხოვრებელ ადგილზე არ ცხოვრობს. წარმოიდგინეთ, რამხელა ჰუმანიტარულ კატასტროფაზეა საუბარი. 45-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა, რაზეც საუბრობენ საერთაშორისო ინსტიტუტები, ქალაქების განადგურება და ა.შ. უამრავი მსხვერპლი, რომელიც მოჰყვა ამ ომს. წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ, ჩაერთოს ომში, უნდათ ეს ყველაფერი და ამაზე მეტი საქართველოში, სრული ჰუმანიტარული კატასტროფა, ეკონომიკური, პოლიტიკური კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე – როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა, შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში შენ გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა, ბუნებრივია, ასევე პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა ამას წინ. უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა ჩვენ 30 წლის წინ. 30 წლისთავზე ჩვენ იგივეს ვერ გავიმეორებთ, ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ.

„შეიძლება, ეს უნდოდეთ არესტოვიჩს, სააკაშვილს, სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ, ასეთი სცენარი ჩვენთვის არის აბსოლუტურად გამორიცხული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.