კანონპროექტის სულისკვეთება და კანონპროექტის საბოლოო მიზანი არის, რომ ჩვენ უზენაეს სასამართლოში მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას.
„კიდევ ერთხელ შემიძლია, აღვნიშნო, შეგიძლიათ, ნახოთ ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, ხანგრძლივი პროცედურა და ეს ყველაფერი კეთდება, რა თქმა უნდა, შედეგისთვის. მთავარი არის შედეგი, მთავარი არის ის, რომ ჩვენ შედეგად მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ეს არის, რა თქმა უნდა, კანონპროექტის სულისკვეთება და კანონპროექტის საბოლოო მიზანი. რაც შეეხება დასკვნებს, მოკლედ შევეხები – ჩვენ, რა თქმა უნდა, გვქონდა კონკრეტული განცხადებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ბატონმა გიგამ წარმოადგინა არასწორი ციტატა – მე განვაცხადე თავის დროზე, რომ ჩვენ გავიზიარებთ ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნება გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან. არსებობს ზოგადი პრინციპები, რომელიც აქვს შემუშავებული ევროსაბჭოს, არსებობს, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპები და ჩვენ აღვნიშნეთ სწორედ ეს: თუ სადმე დაადგენდა ვენეციის კომისია წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს. თუმცა, არ არის არც ერთი რეკომენდაცია, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. უფრო მეტიც, ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ათჯერ და ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან პარლამენტის თავმჯდომარემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, შესაძლებელია, გარკვეული ფორმით, პოლიტიკური ტიპის რეკომენდაციების გაწერა ვენეციის კომისიის დასკვნებში, თუმცა, ერთადერთი, იყო ის, რომ ვენეციის კომისიას ჰქონდა ყოველთვის განსხვავებული პოზიცია.
„ვენეციის კომისია, მაგალითად, როდესაც ჩვენ გვქონდა მათთან კონსულტაციები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, გვეუბნებოდა შემდეგს პარლამენტის ჩართულობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში – ვენეციის კომისიას ჰქონდა ძალიან მკაცრი პოზიცია. მე ავუხსენი მათ სიტუაცია, ავუხსენი კონტექსტი და ისინი დამეთანხმნენ მე შეფასებებში და მითხრეს, რომ კი ბატონო , ამ კონტექსტის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს მიზანშეწონილი პარლამენტის ჩართვა მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში – ეს იყო მარკერტის განცხადება, ბუკიკიოსთან ერთად გვქონდა ჩვენ ერთობლივი შეხვედრა. მარკერტმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია შექმნილია სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და შესაბამისად, ისინი ვერ ითვალისწინებენ პოლიტიკურ კონტექსტს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენისას. ამიტომ გამოვთქვით ჩვენ გაკვირვება, როდესაც ვნახეთ, რომ კონტექსტის მიხედვით, იყო აცდენილი ის რეკომენდაციები, რომლებიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ, მის რამდენიმე წლის წინანდელ რეკომენდაციებს, ანუ, 2014 წელს გვეუბნებოდა ერთს, სამართლებრივი პრინციპები, ბუნებრივია, არ იცვლება 5 წელიწადში და არც თუნდაც, 50 წელიწადში, თუმცა, 5 წლის თავზე წარმოგვიდგინა სრულიად განსხვავებული რეკომენდაციები, იგივე, ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიას არ დაუდგენია არავითარი წინააღმდეგობა სამართლებრივ პრინციპებთან. ანუ, ვენეციის კომისიას, არც ერთ ნაწილში, არ დაუდგენია პროცედურის წინააღმდეგობა სამართლებრივ პრინციპებთან, კონსტიტუციურ პრინციპებთან და ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2010 წელსაც ხორციელდებოდა საკონსტიტუციო რეფორმა და მაშინ იყო მოთხოვნა ოპოზიციის მოთხოვნა ვენეციის კომისიის მიმართ, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი პუტინიზაციის თაობაზე.
„მაშინ გახსოვთ, რა იყო კონტექსტი ამ რეფორმის, სააკაშვილს სურდა დარჩენა უკვე პრემიერის რანგში და „გამარადიულება“ პრემიერის რანგში, თუმცა, ვენეციის კომისიამ მაშინაც განაცხადა, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ფუნქცია იყო სამართლებრივი ექსპერტიზის წარდგენა და არანაირი ჩანაწერი არ ჩადო პუტინიზაციასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ კონტექსტი იყო მაშინ აბსოლუტურად დღესავით ნათელი. უნდა ჩაედო თუ არ უნდა ჩაედო, ვენეციის კომისიის არგუმენტი იყო ის, რომ იყო სამართლებრივი ექსპერტიზის ორგანო. თუ არის ვენეციის კომისია სამართლებრივი ექსპერტიზის ორგანო, მაშინ ბუნებრივია, არ უნდა ჩაედო, თუ არ არის სამართლებრივი ექსპერტიზის ორგანო, მაშინ უნდა ჩაედო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – შედეგი არის მთავარი. მთავარი არის ის, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგად კეთილსინდისიერი, მაღალკვალიფიციური მოსამართლეები და ზუსტად ამის გარანტი გახლავთ ის პროცედურა, რომელიც არის კანონპროექტით გაწერილი. ამისთვის არის პროცედურა გართულებული, შედგება მრავალი საფეხურისგან, მრავალი კენჭისყრისგან, მათ შორის, ჯერ არის ღია სია, რომელიც შედგება ღია წესით, შემდეგ დადის ეს სია, პირობითად, 45 კაცამდე, შემდეგ ტარდება გასაუბრებები, ფასდება თითოეული კანდიდატი ქულებით და ჩამოდის ეს ვაკანსიის რაოდენობამდე და ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს ეყრება კენჭი, ეს არის ხანგრძლივი, რთული, ღია და გამჭვირვალე პროცესი. აბსოლუტურად ყველაფერი ქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია სრული ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყველა ეტაპთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტში არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა, რაც იძლევა გარანტიას, რომ საბოლოო ჯამში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იქნებიან სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციით და კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებთან.
„ერთი მოკლე კომენტარი ფორსირებასთან დაკავშირებით – მე არ ვიცი, რამდენი ხანი უნდა იმსჯელო კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ფორსირებული არ ეწოდოს მსჯელობას. ჩვენ, გახსოვთ, დეკემბერში გამოვაცხადეთ, რომ გადავსინჯავდით პროცედურას და კრიტერიუმებს და ამის შემდეგ შევარჩევდით და ავირჩევდით მოსამართლეებს. ვადებში ვიყავით, რა თქმა უნდა, შეზღუდული, იმიტომ, რომ რამდენჯერმე ითქვა დღეს, რომ ივლისში რჩება რვა მოსამართლე, დღეს არის უკვე 10 მოსამართლე, რაც პირდაპირ შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად კოლაფსს იწვევს უზენაეს სასამართლოში. ეს ყველაფერი ნიშნავს ადამიანის უფლებების დაუცველობას სათანადო დროში. როდესაც არ გყავს საკმარისი მოსამართლეები, ასეთ დროს შეუძლებელია, სათანადო დროში საქმეების განხილვა, შესაბამისად, სასწრაფოდ არის შესავსები, ბუნებრივია, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. ამ ყველაფერს ჩვენ ჯამში ვუთმობთ 7 თვეს – ჯერ 4 თვე დასჭირდება, საბოლოო ჯამში, კანონპროექტის მიღებას და ამის შემდეგ, 3 თვე სჭირდება, კიდევ პროცედურას. 7 თვე გაგრძელდა ეს პროცესი იმისთვის, რომ შედეგზე გავიდეთ და შედეგი არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები. 7 თვე თუ არის ფორსირებული პროცესი ან თუნდაც, 4 თვე, კანონპროექტის მიღების, მაშინ არ ვიცი, შეიძლება ვიღაც-ვიღაცებს დავეთანხმო, თუმცა, აქაც ჩანს, რომ თუ არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, შეიძლება, არასწორი სახით აისახოს გარკვეული დასკვნები თუნდაც ჩვენი ძალიან კვალიფიციური საერთაშორისო პარტნიორების საბოლოო ტექსტებში. რაც შეეხება პოლიტიკურ კონტექსტს, პოლიტიკური კონტექსტი არის დღესავით ნათელი, არის რევანშის ინტერესი. იყო ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა სრული კონტროლი 2012 წლამდე, სასამართლოზე და არის დღეს რევანშის ინტერესი, არის იმის ინტერესი, რომ აღდგეს ასეთი ტიპის კონტროლი და გავლენა სასამართლოზე, თუნდაც, გარკვეული დოზით და გარკვეული ფორმით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, დამოუკიდებელი სასამართლოს შენარჩუნება.
„ასევე, პოლიტიკურ ნაწილზე რომ ვისაუბროთ: დღეს საუბრობდა ერთ-ერთი დეპუტატი, რომელსაც პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ, ქალბატონი თინა, თუ რამდენად მიუღებელია, მაგალითად, მურუსიძე. სააკაშვილის და ადეიშვილის პარტიის წარმომადგენელი საუბრობს მურუსიძეზე და სხვა მოსამართლეებზე, იმ ადამიანების პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც შექმნეს უბინძურესი სისტემა საქართველოში. დღეს კიდევ ერთი საოცარი განცხადება მოვისმინე იმის თაობაზე, რომ თურმე, მურუსიძის მსხვერპლი ყოფილა სააკაშვილი და ადეიშვილი. ეს იყო მეორე შედევრი, რომელიც დღეს ჩვენ მოვისმინეთ. ეს ყველაფერი დღესავით ნათელს ხდის ყველაფერს. რაც შეეხება ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ნდობა არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, თუმცა, სასამართლო არ არის პოლიტიკური ორგანო. ნდობა სხვა კონსტიტუციური ორგანოების მიერ უნდა ყალიბდებოდეს თავისთავადი პროცესით და არა კამპანიების საფუძველზე. როდესაც ორი წლის განმავლობაში, მე არვსაუბრობ სხვა ტიპის კამპანიაზე, მუდმივ განცხადებებზე, სატელევიზიო შოუებზე, განცხადებებზე, კომენტარებზე და ა.შ. მე ვსაუბრობ მარტივ რაღაცაზე, თუ შენ გინდა, ისაუბრო ვინმეს ნდობაზე, მაშინ სატელევიზიო კლიპებს არ უნდა ატრიალებდნენ კონსტიტუციური ორგანოს-სასამართლოს წინააღმდეგ. კლიპის ტრიალი რას ნიშნავს იცით? რომ ნდობის მოქმედი დონე, არსებული დონე არ მოგწონს. ანუ, კონკრეტულ ორგანოს აქვს გარკვეული ნდობის დონე, რაც არის იმაზე მაღალი, ვიდრე შენ მოგწონს და ორი წლის განმავლობაში შენ ატრიალებ კლიპებს იმისათვის, რომ ნდობის ხარისხი დაბლა დაწიო და ორი წლის თავზე საუბრობ მერე ან ნდობაზე. სატელევიზიო კლიპი რომ დაატრიალო, ნებისმიერი ორგანოს ნდობის შელახვა შეიძლება უმარტივესად და კლიპებიც არ არის ხომ მთავარი“, – განაცხადა კობახიძემ.