ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ ერთიანია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას
„ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს დეპუტატ ეკა ბესელიასთან და გუნდთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აგვისტოში მიიღეს, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკითხი აქტუალური საერთოდ არ ყოფილა.
„ჩვენ ახლა იმ კაბინეტის წინ ვდგავართ, რომელიც გამზადებული იყო ეკა ბესელიასთვის და, რომლის მომზადებაც სექტემბერში დაიწყო, გამომდინარე აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილებიდან. აგვისტოში საერთოდ არ იყო აქტუალური სასამართლოს თემა. ეს გადაწყვეტილება კავშირში არ იყო სასამართლოს თემასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, შესთავაზებენ თუ არა დეპუტატ ეკა ბესელიას ვიცე-სპიკერის თანამდებობას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღევანდელ მოცემულობაში ამაზე საუბარი ზედმეტია.
ამასთან, კობახიძის თქმით, კონკრეტული დეპუტატები ემოციურ ფონზე ხშირად უშვებენ შეცდომებს.
„ყველას მოვუწოდებ, მთავარია, შეცდომები არ დაუშვან. ხშირად ადამიანები ემოციურ ფონზე უშვებენხოლმე შეცდომებს. ამას ვხედავთ კონკრეტული დეპუტატებისგანაც.
გუნდის რღვევაზე საუბარი არის ზედმეტი. შარშან ამაზე მეტი სირთულე იყო, ეს დასრულდა ერთი დეპუტატის გარიცხვით პარტიიან, თუმცა ეს არ ნიშნავდა გუნდის რღვევას. არის თეორიული რისკი იმისა, რომ შეიძლება, მოგვიწიოს ამ შემთხვევაშიც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები „ქართული ოცნების“ გუნდის რღვევას არ ნიშნავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია და მის წინააღმდეგ წასვლას არავის ურჩევს.
„ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანია. საუბარი იყო შიდა გუნდებზეც, რაც კიდევ ერთი ტყუილია. არის ერთი გუნდი, რომელსაც ჰყავს ლიდერი და თუ საუბარია პერსონიფიცირებაზე, ეს არის ბიძინა ივანიშვილის გუნდი, არავის ვურჩევ ამ გუნდის წინააღმდეგ წასვლას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ეკა ბესელია გარიცხვის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დღეს არასწორია რამე სანქციაზე, მით უმეტეს გარიცხვაზე საუბარი, რადგან ახლა დიალოგის და დისკუსიის რეჟიმია.