ირაკლი კობახიძე - ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში ევროპის საბჭოს როლი ფასდაუდებელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართული დემოკრატიის გაძლიერებაში ევროპის საბჭოს როლი ფასდაუდებელია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს ვიზიტი სიმბოლურ დატვირთვას ატარებს იქიდან გამომდინარე, რომ ვიზიტი ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავს ეძღვნება.
„შეხვედრაზე ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას შევეხეთ და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენს ინტერესებშია ამ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარება. ასევე, საუბარი იმ რეფორმებთან დაკავშირებით გვქონდა, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.
ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს, კონკრეტულად, საპარლამენტო ასამბლეასთან. ამ თანამშრომლობას ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციაში, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ის როლიც, რომელსაც ევროპის საბჭო და საპარლამენტო ასამბლეა ასრულებენ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. ამ 20 წლის განმავლობაში, საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით უდიდეს პროგრესს მიაღწია. საქართველო საერთაშორისო არენაზე თავის ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო და კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ლილიან მორი პასკიეს დღეს პარლამენტში შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.