ირაკლი კობახიძე - „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რაც ბუნებრივია
„ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, რაც ბუნებრივია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე მსჯელობა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის ფორმატებში გაიმართება.
კითხვაზე, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, მსჯელობა რამდენიმე კანდიდატზე მიმდინარეობს, შესაბამისად სხვადასხვა მოსაზრებაა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
„რადგან განხილვის პროცესში რამდენიმე კანდიდატია, შესაბამისად, ბუნებრივია, სხვადასხვა მოსაზრება არის, რაც ნორმალურია“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მისივე თქმით, კონცეპტუალური საკითხია, პარტიის სახე უნდა იყოს თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი. „ეს კონცეპტუალური საკითხიც ამ პროცესში განიხილება და ამაზეც მივიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ და განმარტა, რომ სხვა მსჯელობის საგანია, რამდენად ცნობადი უნდა იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატის საბოლოოდ შერჩევისას ცნობადობას პრიორიტეტი მიენიჭება, თუმცა ეს აბსოლუტური კრიტერიუმი არ არის.
„რაც უფრო ცნობადია კანდიდატი, მით უკეთესია საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიისთვის, შესაბამისად, ბუნებრივია, ცნობადობას პრიორიტეტი მიენიჭება. თუმცა, ეს აბსოლუტური კრიტერიუმი ვერ იქნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.