ირაკლი კობახიძე - პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ ეს აღვკვეთოთ
პროვოკაციების მოწყობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ, რომ პროვოკაციები აღვკვეთოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ თელავში ინაუგურაციის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია დაბრკოლების გარეშე ჩაივლის.
„შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, თუმცა ამას შევხვდებით სათანადოდ, ისე, როგორც საჭიროა და იმ სტილით, რომელიც ჩვენ დავნერგეთ 2012 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაიმე პრობლემას არ ველოდები თელავში”, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ათონელის რეზიდენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში იმუშავებს.
„მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ სათანადო დროს იქნება უზრუნველყოფილი სასახლის გადაცემა პრეზიდენტისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.