ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, შეწყალებაზე ბრიფინგიდან შევიტყვეთ
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტთან კომუნიკაცია არ გვქონია, შეწყალებაზე ბრიფინგიდან შევიტყვეთ

პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს, შესაბამისად ჩვენ ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერავითარი მითითების მიცემას, და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს კითხვას, ხელისუფლებამ ხომ არ აიძულა პრეზიდენტს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება.

„ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს და ეს არის სიახლე, რომელიც ჩვენ გვაქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ ერთმანეთისგან არის გამიჯნული კონსტიტუციური ორგანოები და ინსტიტუტები ისე, როგორც უნდა იყოს გამიჯნული პრეზიდენტი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ზუსტად ორი თვის განმავლობაში, რომ პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი თავისუფლების განხორციელებაში, მათ შორის შეწყალების ნაწილში და როდესაც ოპოზიცია მოითხოვდა ჩვენგან პრეზიდენტისთვის დავალების მიღებას, ეს იყო ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს მიუთითებდა, რომ ოპოზიციამ დღემდე ვერ გაიგო, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფო და ხელისუფლების დანაწილება. პრეზიდენტი არის გამიჯნული პოლიტიკური ხელისუფლებისგან და ეს ასეც უნდა იყოს, შესაბამისად, ჩვენ ბუნებრივია, ვერ ვაკადრებდით პრეზიდენტს ვერავითარი მითითების მიცემას, და ასეთი რამ აზრად არ გაგვივლია. ამაზე ვსაუბრობდით ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ჰქონდათ თუ არა პრეზიდენტის რაიმე ინფორმაცია, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

„ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტთან კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის თაობაზე შევიტყვეთ,  როდესაც ჩატარდა ბრიფინგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.