ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს და თითოეული თანამშრომლის სტატუსი განისაზღვროს
პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საკითხის მოწესრიგებაზე გუნდში მსჯელობა იყო და ორ დეპუტატს ეთხოვა, კანონპროექტის ინიცირება მოეხდინათ.
„გუნდში აზრთა სხვადასხვაობა თავიდანვე იყო და დღესაც არის. პირადი მოსაზრებაა, რომ კანონში ცვლილების გარეშე შესაძლებელია რეორგანიზაციის განხორციელება. ბიუჯეტის გათვალისწინებით, შტატების რაოდენობა იცვლება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაბერილი იყო შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით, ეს ნათლად ჩანდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ნაცვლად არსებული 140 შტატისა, 2019 წლის ბიუჯეტის გათვალისწინებით, ადმინისტრაციაში 60 შტატი იქნება, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესაბამისად ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, წარდგენილი კანონპროექტის მიზანი რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვა იყო.
„კანონპროექტი რეორგანიზაციის სათანადოდ წარმართვას ისახავდა მიზნად, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის განხორციელება შესაძლებელია ამ ცვლილებების გარეშეც. ადამიანები, რომლებიც იმსახურებენ პროფესიული მოხელის სტატუსს, ამ სტატუსით უნდა დარჩნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. გაგრძელდება მსჯელობა. მსჯელობაზე როცა ვსაუბრობ, გადაწყვეტილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ან იღებ ან გაიწვევ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი შეფასებით, საკითხზე ზედმეტი აჟიოტაჟი ატყდა, „როგორც ეს ოპონენტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩვევია“.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კრიტიკას მიესალმება, რადგან ამ დროს სწორი აზრი ყალიბდება.
„რეორგანიზაცია უპირობოდ უნდა ჩატარდეს. რეორგანიზაცია გარდაუვალია და თითოეული თანამშრომლის სტატუსი უნდა განისაზღვროს, თითოეულ მათგანს პროფესიული სტატუსი ექნება, ვიღაც ხელშეკრულებით დასაქმებული იქნება. მომავალ პრეზიდენტს არ შეეშლება რეორგანიზაციის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა დღეს არ გამორიცხა, რომ ინიციატორებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები გაიწვიონ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტმა კრიტიკა გამოიწვია. როგორც აცხადებდნენ, პროექტის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩენილიყო. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.