ირაკლი კობახიძე - პრეცედენტი როგორც კი შეიქმნება, რომ კონკრეტული პატიმარი წონის კლების გამო ციხიდან გამოვიდა, სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად ჩამოიშლება
ირაკლი კობახიძე - პრეცედენტი როგორც კი შეიქმნება, რომ კონკრეტული პატიმარი წონის კლების გამო ციხიდან გამოვიდა, სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად ჩამოიშლება

ვერც წარმომიდგენია, სტრასბურგმა რა შეიძლება თქვას მათი სასარგებლო, ერთი მარტივი მიზეზის გამო, როგორც კი ვინმე დაადგენს, რომ თვითდაზიანების საფუძველზე პირი შეიძლება გათავისუფლდეს, რაც კი მსოფლიოში სასჯელაღსრულების სისტემები არსებობს, ყველაფერი ჩამოიშლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ სტრასბურგში სარჩელის შესაძლო შეტანის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ნებისმიერი პატიმარი შეძლებს წონის დაკლებას და, თვითდაზიანების შედეგად პიროვნების გათავისუფლების პრეცედენტით, საფრთხე შეექმნება სასჯელაღსრულების სისტემების ფუნქციონირებას ყველა ქვეყანაში.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, სასამართლო ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების სისტემების ჩამოშლას ევროპის ყველა ქვეყანაში.

„ეს პრეცედენტი როგორც კი იქნება დაშვებული, რომ ადამიანი თვითდაზიანებას ეწეოდა, ჯერ შიმშილობა გამოაცხადა, ორი თვე იყო შერჩევით კვებაზე შიმშილობის ეგიდით, მერე შიმშილობა გადათქვა, მაგრამ იმავე რეჟიმში აგრძელებდა კვებას – ნებისმიერი პატიმარი გააკეთებს ასე, ნებისმიერს შეუძლია იმ წონიდან ამ წონამდე ჩამოვიდეს. როგორც კი პრეცედენტი შეიქმნება, რომ ერთი კონკრეტული პატიმარი, რომელსაც თან მანამდე კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული, წონის კლების გამო, მარტო ერთადერთი მიზეზით გამოვიდა ციხიდან, ხომ ჩამოიშლება მთლიანად სისტემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.