ირაკლი კობახიძე - პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
ირაკლი კობახიძე - პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

ჩვენი მხრიდან განიხილება საარჩევნო რეფორმის საკითხები, რომელიც საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და ბევრ საკითხზე არის უკვე შეჯერებული პოზიციები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ მხარეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხილვები გაგრძელდება და ხვალ ან ზეგ საბოლოო შეხვედრა შედგება, რადგან პარლამენტის სხდომა ახლოვდება.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრები წარმატებით დასრულდება და ხელი მოეწერება შეთანხმებას. ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. პოზიციები ბევრ საკითხზე შევაჯერეთ და ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს ეს იძლევა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და ძალიან ბევრი მიმართულებით არის წარმატება.

„დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის ბევრ ასპექტში შეჯერებულია პოზიციები. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. რაც შეეხება ე.წ. პოლიტპატიმრებს, ეს არის სამართლებრივად გადასაწყვეტი საკითხი შესაბამისი ორგანოების მხრიდან, ეს არის მკაფიო პოზიცია. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, ვერც ერთი პუნქტით ვერ ამტკიცებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე რაიმე სისტემური სახის ხარვეზი იყო. რა თქმა უნდა, ლოკალური ხარვეზები იყო. დღეს გვქონდა ამასთან დაკავშირებით მსჯელობა. ისინი ვერც ერთ პუნქტში ვერ ამტკიცებენ, რომ რაიმე სისტემური ხარვეზი იყო და 48 პროცენტი არ არის 48 პროცენტი. ოპოზიციას არ აქვს იმის საფუძველი, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვოს. დღესაც, მსჯელობის საფუძველზე დაინახეს, რომ არავითარი სისტემური გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.