ირაკლი კობახიძე - პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება საჭიროა ეროვნული ბანკის ინსტიტუციურად გასამყარებლად, არ ვიცი, რატომ სჭირდება პრეზიდენტს ინსტიტუციური გარანტიების დაკნინება
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონპროექტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას ითვალისწინებს.
მისივე თქმით, აღნიშნული თანამდებობა საჭიროა, რათა ინსტიტუციურად გამყარდეს ეროვნული ბანკი.
„მარტივად რომ ავუხსნა საზოგადოებას, ერთადერთი განსხვავებაა ვეტოსა და ჩვენს კანონპროექტს შორის. ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატებას და ვეტო ითვალისწინებს, რომ ეს თანამდებობა არ უნდა დაემატოს. მეტი განსხვავება არ არის. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის დამატება საჭიროა ერთადერთი რამისთვის, რომ ინსტიტუციურად გამყარდეს ეროვნული ბანკი. ერთადერთი მიზანი აქვს ამას და ეს ძალიან ადვილად ახსნადია როგორც ინსტიტუციური, ასევე იურიდიული თვალსაზრისით. რაც შეეხება პრეზიდენტს, არ ვიცი, რატომ სჭირდება მას ინსტიტუციური გარანტიების დაკნინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.