ირაკლი კობახიძე - პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ყოველდღიური ცხოვრება
პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ყოველდღიური ცხოვრება – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა.
ირაკლი კობახიძემ მორწმუნეებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
„ქრისტე აღსდგა! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს პატრიარქის ეპისტოლემ შეგვახსენა ის ძირითადი ღირებულებები, რითაც უნდა იყოს გამსჭვალული ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის სიყვარული, ეს არის შემწყნარებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობა, რაზეც იყო ასევე იყო საუბარი ეპისტოლეში და ეს თანამშრომლობა არის ნამდვილად აუცილებელი იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო და გაძლიერდეს ჩვენი საზოგადოება.
პარლამენტში დაწყებულია უკვე მუშაობა დემოგრაფიული საკითხებზე. საკმაოდ დიდი ხანია, წარიმართება ამაზე მუშაობა, მათ შორის, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის კუთხით და ჩვენ შესაბამის ინიციატივებს აუცილებლად წარვუდგენთ საზოგადოებას.
დღეს ყურადღება იყო გამახვილებული იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს და ამაზე არის საჭირო მუშაობა ყველას მხრიდან, მათ შორის, რა თქმა ინდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე მორწმუნეებს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წაუკითხეს.