ირაკლი კობახიძე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს
ირაკლი კობახიძე პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს.

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის დაბარების საკითხი „ევროპულმა საქართველომ“ დასვა.

სპიკერის თქმით, ამ საკითხში ოპოზიციას შუამავლად არ გამოადგება.

„ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარი სწორი არ არის. მით უმეტეს იმ პირობებში, როცა ამ ეტაპზე, არათუ საფუძვლიანი ეჭვი, უსაფუძვლო ეჭვის საფუძველიც კი არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე ვერავის დაბარების საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს ჩემი პოზიციაა, თუმცა იმ პირების პოზიციაა მთავარი, რომელსაც შესაბამისი საპარლამენტო სუბიექტი დაიბარებს. შუამავლად ვერ გამოვდგები, შეგიძლიათ, მათ მოუწოდოთ, რომ შესაბამისს მოსმენაში მონაწილეობა მიიღონ. ამ საქმეზე მტკიცებით ფორმაში საუბარს არ გირჩევთ. მით უმეტეს, ისეთი ბრალდებების წამოყენებას არ გირჩევთ, რომელსაც თქვენ აყენებთ. ეს ყველაფერი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ. ამ საკითხის განხილვის ადგილი ბიურო არ არის. რაზეც თქვენ საუბრობთ – ტოტალურ, ელიტურ და სისტემურ კორუფციასა და ძალადობაზე, ეს 2012 წლამდე ხელისუფლების ხელწერაა და წარსულს ჩავაბარეთ. გამოძიება მიმდინარეობს, დაბარებული არიან შესაბამისი პირები, რომლებიც საუბრების მონაწილეები არიან და ორივე თავს იკავებს საუბრისგან, რაც ბუნებრივია, ეჭვებს ბადებს. თქვენ ამ ეჭვებზე ისაუბრებთ და არა იმ ეჭვებზე, რომელზეც საუბრობთ. ეჭვები იქ არის და არა – აქ“, – განაცხადა კობახიძემ.