ირაკლი კობახიძე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და სამოქმედო გეგმას წარადგენს
დღეს საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით გაიხსნება. ეს ახალი რეგლამენტით პირველად ხდება, რითაც, როგორც პარლამენტში აცხადებენ, ახალი ტრადიცია მკვიდრდება საპარლამენტო ცხოვრებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის ახალი რეგლამენტის თანახმად პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს. ახალი კონსტიტუციითა და ახალი რეგლამენტით ახალ ეტაპზე გადადის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა და სწორედ ამის დემონსტრირებად შეიძლება ჩაითვალოს, რომ პარლამენტის თავმჯომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დაესწრებიან.
ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი კობახიძის გამოსვლაში მნიშვნელოვანი გზავნილები იქნება.
„მთელი კალენდარი პრაქტიკულად გაწერილია როგორც საკანონმდებლო, ასევე მთავრობაზე ზედამხედველობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანი რეფორმების განხილვა გვიწევს ამ სესიაზე, მათ შორის არის, რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა და რაც მნიშვნელოვანია, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ანგარიშით გახსნის ამ სესიას. ის შეაჯამებს როგორც ჩვენს კანონშემოქმედებით საქმიანობას ამ წლის განმავლობაში, ასევე ისაუბრებს სამომავლო გეგმებზე, ძირითად მიმართულებებზე. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები როგორც კანონშემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისითაც“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიას დღეს გახსნის და საქმიანობას სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყებს.