საქართველოს პარლამენტი დღეს საგაზაფხულო სესიას გახსნის და სრულად დაიწყებს საქმიანობას თბილისში
საქართველოს პარლამენტი დღეს საგაზაფხულო სესიას გახსნის და სრულად დაიწყებს საქმიანობას თბილისში

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი დღეს საგაზაფხულო სესიას გახსნის და საქმიანობას სრულად თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში დაიწყებს. 2012 წლის შემდეგ ეს პირველი პლენარული სხდომა იქნება, რომელიც თბილისში ჩატარდება.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. კანონმდებლები საგაზაფხულო სესიას სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გახსნიან და სხდომაზე პოლიტიკური დებატები გაიმართება.

დღის ბოლომდე დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე პირველ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს. გამოსვლისას ირაკლი კობახიძე ყურადღებას 2019 წლის სამოქმედო გეგმაზეც გაამახვილებს.

საგაზაფხულო სესიის ფორმატში დეპუტატები საქმიანობას ახალი რეგლამენტის პირობებში იწყებენ, რომლის ფარგლებშიც ამოქმედდება მინისტრის საათი. კანონმდებლები 7 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ, 8 თებერვალს კი დეპუტატების წინაშე ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი წარდგება.

ახალი რეგლამენტი საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის წლიურ გამოსვლასაც ითვალისწინებს. დეპუტატები მთავრობის ხელმძღვანელს ივნისის ბოლომდე მოუსმენენ, მანამდე კი, სავარაუდოდ თებერვლის ბოლომდე, კანონმდებლების წინაშე წლიური ანგარიშით ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარდგება.

პარლამენტის წევრებს, მოხსენებების მოსმენის გარდა, საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ, რომელთა შორისაა საკადრო საკითხებიც. კერძოდ, დეპუტატებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიონ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაამტკიცონ.

საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიას პლენარული სხდომების ფორმატში თბილისში დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ გახსნის. საკანონმდებლო ორგანო 2012 წლის 21 ოქტომბრიდან პლენარულ
სხდომებს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში მართავდა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილსამყოფელი ამოიღეს, რეგლამენტში კი საკანონმდებლო ორგანოს ადგილად თბილისი არის მითითებული.