ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მონაწილეობით მნიშვნელოვან დოკუმენტებში აისახა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები, რომლებსაც აქვს ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგები
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის მონაწილეობით მნიშვნელოვან დოკუმენტებში აისახა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები, რომლებსაც აქვს ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საგარეო მიმართულებებით პარლამენტის საქმიანობაზე ისაუბრა.

„საერთაშორისო გარემოს, მასში ჩვენი ქვეყნის როლისა და ჩვენ წინაშე არსებული საშინაო და საგარეო გამოწვევების გათვალისწინებით, გამოვყოფდი რამდენიმე ძირითად მიზანს, რასაც ემსახურებოდა საგარეო ასპარეზზე გადადგმული თითოეული ჩვენი ნაბიჯი: საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარება; ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია; ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავება; დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გატარების უზრუნველსაყოფად, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზება; ქვეყნისთვის კრიტიკული საკითხების ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება, მნიშვნელოვან მოვლენებზე საგარეო კომუნიკაცია;
პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს გასულ წელს ათზე მეტი უმაღლესი დონის საპარლამენტო დელეგაცია ესტუმრა და ასევე დაფუძნდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პარლამენტების ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, რომლის პირველი სხდომა თბილისში გაიმართა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ასამბლეა ხელს შეუწყობს რეგიონულ მშვიდობას, თანამშრომლობასა და განვითარებას, აგრეთვე პარლამენტის წევრებს შორის ადამიანური ურთიერთობების, ნდობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამასთან, ეს არ არის ჩვენი ქვეყნების ერთადერთი ერთობლივი ინიციატივა. მოგეხსენებათ, გასულ წელს, ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ერთად, სპიკერების დონეზე გვქონდა ერთობლივი წარმატებული ვიზიტი აშშ-ში, ყოველწლიურად ვმართავთ სამმხრივ საპარლამენტო კონფერენციას, აქტუალურ საკითხებზე ვიღებთ ერთობლივ განცხადებებს, რეზოლუციებსა და მიმართვებს.ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – პოლონეთთან ერთად დავაფუძნეთ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეა, რამაც ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა უფრო მეტად კოორდინირებული და აქტიური უნდა გახადოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის სასახლე ღია იყო ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პარლამენტთან ურთიერთობა და საპარლამენტო პროცესებში ჩართულობა, საპარლამენტო დიპლომატია, პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების, საზოგადოების მედეგობის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

„დიდი ინტერესით ვუმასპინძლეთ, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს, 2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მესამე საერთაშორისო კონფერენციას და სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმს. ვიყენებდით მრავალმხრივ ფორმატებს, მათ შორის, ეუთო-ს, ნატო-ს, ევროსაბჭოსა და სხვა ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს და ამ ასამბლეების საკომიტეტო ფორმატებს. მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კავშირის სესიებში, სადაც გვქონდა უნიკალური შესაძლებლობა, აზიის, აფრიკის, ოკეანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან გვესაუბრა სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის აქტიური მონაწილეობით მნიშვნელოვან დოკუმენტებში აისახა საქართველოს მხარდამჭერი ტექსტები, რომლებსაც აქვს ქვეყნისთვის სასარგებლო როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი, ისე ფინანსური შედეგები.

„მაგალითად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპარლამენტმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით; ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა მიიღეს განცხადებები, რეკომენდაციები და რეზოლუციები, რომლებიც ხელს უწყობს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას და პარტნიორობის ვცდილობთ საპარლამენტო კავშირების დამყარებას ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის ქვეყნებთან. ამ მიზნით, ისტორიაში პირველად, პარლამენტის თავმჯდომარის დონეზე ვეწვიეთ უზბეკეთსა და იორდანიას. მეგობრობის ჯგუფებმა ხელი შეუწყვეს ქვეყნებს შორის საპარლამენტო დიალოგის გაღრმავებას, ორმხრივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ხალხებს შორის ურთიერთგაგების და პატივისცემის გაძლიერებას. ერთ-ერთი ვიზიტის ფარგლებში, ირლანდიის პარლამენტში დაფუძნდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი; რუმინეთში ვიზიტის დროს მოხდა პირდაპირი საჰაერო ფრენების ინიცირება; აშშ-ის კონგრესის დოკუმენტებში კი, მათ შორის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტსა და 2018 წლის ასიგნებების კონსოლიდირებულ აქტში, გაიწერა საქართველოს მხარდამჭერი მთელი რიგი დებულებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების და საპარლამენტო კავშირების გამყარების მიზნით, ლატვიის, ბულგარეთისა და უზბეკეთის პარლამენტებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებები.

„გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ბუნდესტაგის ხელშეწყობით, საფუძველი ჩავუყარეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატებს შორის თანამშრომლობას: დაფუძნდა ქსელი, რომლის თავმჯდომარედაც საქართველოს პარლამენტის აპარატი იქნა არჩეული. აპარატის რეფორმირებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის კიდევ უფრო ასამაღლებლად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პარლამენტთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიამ მუშაობა დაიწყო.  ახალი რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე პარლამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 2019 წლის გეგმებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე მთავრობის წევრები დაესწრნენ.