ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას აქვს ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი და ვერ სთავაზობს სათანადო ალტერნატივას ამომრჩეველს
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას აქვს ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი და ვერ სთავაზობს სათანადო ალტერნატივას ამომრჩეველს

ოპოზიცია არის საკმაოდ სუსტი და ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის შედეგმა აჩვენა ის გამოწვევები, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას აქვს.

კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ოპოზიციის გაძლიერებაც იყო.

„თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა ის გამოწვევები, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას, მათ შორის ოპოზიციის სისუსტე არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რაც სხვადასხვა კუთხით გამოჩნდა, მათ შორის პირდაპირ საარჩევნო შედეგებზე შეგვიძლია საუბარი.

საკმაოდ სუსტი და დაბალი იყო შედეგები ოპოზიციის. პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის როდესაც სხვაობა არის სამმაგი, ეს მიანიშნებს იმას, რომ ოპოზიცია არის საკმაოდ სუსტი და ბევრი რამე არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს.

ერთ-ერთი მთავარი მიზანი საკონსტიტუციო რეფორმის ოპოზიციის გაძლიერებაც იყო და ამ კუთხით არაერთი ცვლილება შევიდა ქვეყნის ძირითად კანონში.

გარდა ამისა, დამოუკიდებელი კანდიდატის წარმატებამ თბილისში, მეორე ადგილზე გასვლამ, აჩვენა ის, რომ ოპოზიციას აქვს ერთგვარი პოლიტიკური კრიზისი და ის ვერ სთავაზობს სათანადო ალტერნატივას ამომრჩეველს. გამოწვევები ამ კუთხით საკმაოდ სერიოზულია“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ წინა არჩევნებთან შედარებით შედეგი გააუმჯობესა.

„რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ჩვენ გავაუმჯობესეთ შედეგი წინა არჩევნებთან შედარებით.

თუ წინა არჩევნებში ავიღეთ ხმების 49%, ახლა ავიღეთ 56%, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში.

მარტო ეს არ არის საკმარისი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას ჰქონდეს მკაფიო, იდეოლოგიური იდენტობა ჩამოყალიბებული და მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ ფორმალიზებულიც იყოს ის იდეოლოგიური კონცეფცია, რომელსაც ეფუძნება პარტია.

ჩვენ ვიდექით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, მათ შორის ჩვენ გვქონდა მედიასთან საუბარი 2 წლის წინ როცა დავიწყეთ პარტიის რეფორმირების პროცესი, იმაზე თუ რა პრობლემები გვქონდა და როგორ დავიწყეთ მათი გადაჭრა.

ამ ორი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მოახერხა სერიოზულად განვითარება, რეორგანიზაცია განხორცილდა სერიოზული. გუნდის განახლება მოხდა ჯერ საპარლამენტო არჩევნებისთვის, შემდეგ ადგილობრივი არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ეს არ იყო იოლი პროცესი და ამ ყველაფრის უკან დგას დიდი შრომა და სერიოზული ძალისხმევა, რომელიც გასწიეს პარტიის ლიდერებმა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, მათ აქვთ მკაფიო ღირებულებები, ზოგადი ხედვა იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა.

„რაც შეეხება იდეოლოგიურ კონცეფციას, ამაზე მუშაობისთვის სამწუხაროდ საკმარისი დრო არ დაგვრჩა. თუმცა ახლა გვაქვს დრო იმისათვის, რომ მოხდეს ფორმალიზება. ჩვენ გვაქვს მკაფიო ღირებულებები, ზოგადი ხედვა იმისა, როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა და გვაქვს კონკრეტული ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ორგანიზაცია. თუმცა ეს ყველაფერი საჭიროებს ფორმალიზებას იმისათვის, რომ ჩვენი მიდგომები და ჩვენი ღირებულებები იყოს სტაბილური და მდგრადი.

ამაზე დაიწყება მუშაობა, გამოკვეთილი იქნება ჩვენი პარტიის იდეოლოგიური იდენტობა და ის ღირებულებები, რომელსაც ეფუძნება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარეს წამყვანის გარდა, კითხვებს უსვამდნენ პირველი არხის ანალიტიკოსი ბაქარ ბერეკაშვილი, „მოამბის“ ჟურნალისტები თეონა მანაგაძე და სალომე ქოქიაშვილი.