ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის, მოქმედებენ დავალებებით, „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი არ არის, მოქმედებენ დავალებებით, „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, ბარიერის გადალახვის შანსი არ აქვთ

„ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანება სერიოზული არ არის, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ოპოზიციონერები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებენ, არამედ დაკვეთის შესაბამისად მოქმედებენ.

„ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპოზიციონერები არ არიან დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებში. ერთმანეთს ლანძღავდნენ უშვერი სიტყვებით, ერთმანეთის მიმართ იყენებდნენ ისეთ შეფასებებს, რომლებიც არაეთიკურიც იყო სხვადასხვა თვალსაზრისით და დღეს ეს პოლიტიკოსები ერთად არიან. ეს არის იგივე ხაზარაძე და გახარია, ხაზარაძე და ელისაშვილი, ზურაბიშვილი და გვარამია. ეს ადამიანები დღეს არიან ერთად, მაშინ როდესაც წარსულში ერთმანეთს უკიდურესი სიტყვებით აფასებდნენ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის მორალურადაც მიუღებელი იქნებოდა გაერთიანება ისეთ ადამიანთან, რომელსაც მანამდე უშვერი სიტყვებით ლანძღავდი, თუმცა მათ ამ მორალური ზღვრის გადალახვა უწევთ ერთი მარტივი მიზეზის გამო – იღებენ დაკვეთას, დავალებას და სწორედ ამ დაკვეთების, დავალებების შესაბამისად მოქმედებენ. საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლები რომ იყვნენ, ამას ვერ გააკეთებდნენ. „ლელოს“ და ელისაშვილის გაერთიანებას რაც შეეხება, ეს უბრალოდ სერიოზული არ არის. რეალურად, არანაირი კონფიგურაციის პირობებში, მათ ბარიერის გადალახვის არავითარი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალეკო ელისაშვილი „ლელოს“, ანა დოლიძისა და „თავისუფლების მოედნის“ გაერთიანებას შეუერთდა.