ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა, ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ, როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები
2020 წელს მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება იმ მოვლენებს დაუთმო, რომლებიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე განვითარდა.
პრემიერის თქმით, რამდენიმე წლის განმავლობაში ოპოზიციამ და მათთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა ქვეყანა ხელოვნურად შექმნილ ტურბულენტობაში აცხოვრეს, რაც ძალიან სამწუხაროა.
„ეს არის ბოლო სამთავრობო მოხსენება ამ ოთხწლიანი საპარლამენტო და სამთავრობო ციკლის განმავლობაში. მინდა, ძალიან მოკლედ შევაჯამო გასული ოთხი წელი და გავიხსენო ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა 2020 წლის შემოდგომის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, მაშინ მმართველმა გუნდმა მოიგო საპარლამენტო არჩევნები, მიიღო პარლამენტში 90 მანდატი, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანას არ მიეცა დამშვიდების საშუალება. ოპოზიცია უარს ამბობდა პარლამენტში შემოსვლაზე. აცხადებდნენ, რომ არჩევნები იყო გაყალბებული, თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ დავუმტკიცეთ მათ, რომ თავად გააყალბეს პარალელური დათვლის მონაცემები, ასევე, მთელი რიგი სხვა მონაცემები, რომლებიც „ენჯეოების“ მეშვეობით გამოაქვეყნეს, რაც იყო ძალიან სამწუხარო მოვლენა. ამ პროცესების გამო ჩვენ მოგვიწია მოლაპარაკებებში შესვლა, გარკვეული კაბალური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეთანხმების ხელმოწერა, რაც ითვალისწინებდა, რეალურად, კონსტიტუციური ჩარჩოებიდან სისტემის დროებით გასვლას. დადგინდა ე.წ. 43%-იანი ვირტუალური ბარიერი, აბსოლუტურად ალოგიკური მოთხოვნა იყო ჩადებული ამ პოლიტიკურ შეთანხმებაში, იყო ხელოვნური პროცესები, რომელთა გამოც ქვეყანა ვერ დამშვიდდა ერთი წლის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმათა 47%, საბოლოოდ დასრულდა საუბარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
ამის შემდეგ დაიწყო 2022 წელი, იყო ურთულესი მოვლენები, ყველას გახსოვთ, როგორ ითხოვდა ჩვენგან ოპოზიცია სანქციებთან მიერთებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით. მათი გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა და ამას ღია ტექსტითაც ამბობდნენ როგორც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების ლიდერები. ასევე, გახსოვთ, რომ მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის თაობაზე, ესეც იყო ძალიან სერიოზული დარტყმა. შემდეგ, ივნისში გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე, დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი. მოთხოვნებიც კი არ ჰქონდათ დაყენებული, მაშინ არ იყო არც 12-პუნქტიანი, არც 9-პუნქტიანი გეგმა, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, უბრალოდ, შედგა დაახლოებით 5 000-გვერდიანი დოკუმენტი, გაიგზავნა ევროკავშირში, რომელიც ასახავდა საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა, მაშინაც და დღესაც, იყო და არის ბევრად უფრო უკეთესი, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ბოსნიაში, თუმცა შესაბამის ქვეყნებს მიეცათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა. ისიც გახსოვთ, რომ ოპოზიციამ სცადა ამ მოვლენის გამოყენება ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების მოსაწყობად. ანუ, 2022 წელიც, ისევე, როგორც 2021, გამოვიარეთ ხელოვნურად შექმნილი ერთგვარი ტურბულენტობის პირობებში, რაც არის ძალიან სამწუხარო. ასევე, ეს პროცესები გაგრძელდა 2023 წელსაც, ვიდრე კანდიდატს სტატუსი მოგვენიჭებოდა, მანამდე წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხელოვნური ტურბულენტობის პირობებში აცხოვრეს ქვეყანა, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა“, – აღნიშნა პრემიერმა.