ირაკლი კობახიძე ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებას ურჩევს
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების აღიარებას ურჩევს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, წაგებასაც ისევე ღირსეულად შეხვედრა სჭირდება, როგორც მოგებას.
„ოპოზიციამ პრაგმატულად და რაციონალურად უნდა იმოქმედოს, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მოგებას სჭირდება ღირსეული შეხვედრა, ასევე წაგებას. ოპოზიციის ბუნებიდან და სულიდან გამომდინარე რთული იქნება, მაგრამ ამის გაკეთებას მოვუწოდებ, რაც მათთვის არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა კობახიძემ პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე ოპოზიციის განცხადების შეფასებისას.
გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. ამასთან, ოპოზიცია 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს საპროტესტო აქციის გამართვასაც გეგმავს.