ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაშლით ემუქრება, ამიტომ მივიღეთ პრევენციული ზომა, რათა ეს არ მოხდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები თუ ჩავარდება, ეს მთლიანად ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება.
მისივე თქმით, დღეს მმართველმა პარტიამ ამის თავიდან ასარიდებლად პრევენციული ზომა მიიღო.
„ოპოზიცია ემუქრება საზოგადოებას, რომ ის ჩაშლის საკონსტიტუციო ცვლილებებს თუ არ გათავისუფლდება სამი პირი. ეს თუ ასე მოხდა, ბუნებრივია, მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იქნება. აქედან გამომდინარე, ჩენ მივიღეთ დღეს პრევენციული ზომა იმისათვის, რომ ეს ასე არ მოხდეს. საზოგადოებას ისინი ემუქრებიან, თუმცა ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მუქარა ვერ იქნება შედეგის მომტანი და ამასთან დაკავშირებით არის, ბუნებრივია, მიმართული ჩვენი თხოვნა ელჩების მიმართ.
თუ იქნება პროცესი წარმართული ისე, როგორც უნდა წარიმართოს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია ოპოზიციას ვერ ექნება ვერავითარი რესურსი, რომ მათ შეასრულონ ის მუქარა, რომელიც გამოხატეს საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, მმართველი პარტია სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვს, ნათელი მოფინონ შეთანხმების შინაარსს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით მმართველ გუნდს პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აუღია.