ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე თუ შეთანხმდება, ეს იქნება ჩვენთვის გარანტი, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს
ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, საკუთარი პრემიერ-მინისტრი გაიყვანოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, შესაბამისად, ოპოზიციის მხრიდან კანდიდატის დასახელება ღიმილისმომგვრელი იქნება.
„რეალურად, ნებისმიერი კანდიდატის დასახელება მათი მხრიდან იქნება ღიმილისმომგვრელი, რადგან ყველა ხედავს, როგორია კვლევის შედეგები და ყველა ხედავს, რომ ოპოზიციას არავითარი შანსი არ აქვს, გაიყვანოს საკუთარი პრემიერ-მინისტრი. უხერხულობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე, რომ არ დაასახელონ საერთოდ ასეთი კანდიდატი. ბუნებრივია, მათ არ უნდათ, გახდნენ დაცინვის ობიექტი ამომრჩევლის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს, უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ უკეთესი იქნება, თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეთანხმდება.
„მაჟორიტარებს რაც შეეხება, თუ ოპოზიცია შეთანხმდება საერთო კანდიდატებზე, ეს ჩვენთვის იქნება მომგებიანი, რადგან ასეთ შემთხვევაში, 30 ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს. აქედან გამომდინარე, თუ შეთანხმდებიან საარჩევნო კუთხით, ეს იქნება ჩვენთვის უპირატესობის მომტანი.
ვგულშემატკივრობთ მათ, დაასახელონ ერთიანი კანდიდატები. ეს დაადასტურა იგივე 2019 წლის შუალედურმა არჩევნებმა. მათ დაასახელეს ერთიანი კანდიდატები რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის არჩევნებში და ხუთ შემთხვევაში, ერთი გამონაკლისი მთაწმინდა იყო, იქ დაგვჭირდა მეორე ტური, სხვა შემთხვევებში პირველივე ტურში გავიმარჯვეთ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, თუ შეთანხმდებიან, ეს იქნება ჩვენთვის გარანტი, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.