ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს საზღვარგარეთ საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან, არაფერი აქვთ სათქმელი ქართული საზოგადოებისთვის
ოპოზიცია საარჩევნო კამპანიას ატარებს არა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ საზღვარგარეთ, საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ქართველი ხალხისგან განსხვავებით უცხოელის მოტყუება უფრო ადვილია.
„რაც შეეხება ოპოზიციის საზღვარგარეთ სიარულს, რეალურად ამისთვის არც უნდა ეცალოს ოპოზიციას. ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ არა საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ხალხთან, არამედ კამპანიას ატარებენ საზღვარგარეთ საკუთარ მფარველებთან და ლობისტებთან. ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მათ რეალობის შეგრძნებაც არ აქვთ. საერთოდ არ ესაუბრებიან საზოგადოებას, თუმცა ამას აქვს ობიექტური მიზეზიც, არაფერი აქვთ სათქმელი და სწორედ ამიტომ დადიან საზღვარგარეთ და ტყუილებს ლაპარაკობენ უცხოელებთან, უცხოელის მოტყუება უფრო ადვილია, ქართველი ხალხის მოტყუება ადვილი არ არის, ვინაიდან ხალხი თვითონ ხედავს, რა ხდება ქვეყანაში და ქვეყნის გარშემო“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.