ირაკლი კობახიძე - ოპერატორი უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა ჩლიქოსანს, ეს არის სირცხვილი, მოგიწევთ ბოდიშის მოხდა
თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს არის ტყუილი. ისიც იცით, რომ როდესაც ჩიპის ჩანაწერს აქვეყნებთ სანახევროდ ეს ყველაფერზე მეტყველებს. კადრები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დასეირნობს ორი მეტრიდან გადმოვარდნილი ადამიანი ქუჩაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ოპერატორზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ჟურნალისტმა მძიმე პროვოკაცია მოაწყო.
„ოპერატორი უკან-უკან მიდიოდა, როდესაც მისი ჟურნალისტი აწყობდა მძიმე პროვოკაციას, ქარელის მერს უწოდებდა ჩლიქოსანს და ა.შ. ეს არის სირცხვილი. რაც შეეხება მერების მიმართ ბრალდებებს და გამოგონილ მეტსახელებს, ეს არის ტყუილი და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მივიღებთ სამართლებრივ ზომებს. ძალიან ძვირად დაუჯდება თქვენს ტელევიზიებს ყველა ის ფეიკინფორმაცია, რომელიც ვრცელდება“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა აღნიშნული განცხადება მუქარა, კობახიძე აცხადებს, რომ ტელევიზიას ბოდიშის მოხდა მოუწევს.
„კი გემუქრებით, რომ მოგიწევთ ბოდიშის მოხდა იმ ფეიკინფორმაციის გამო, რომელიც ვრცელდება. ჩვენ მივმართავთ აბსოლუტურად ყველა შესაბამის დაწესებულებას, ორგანიზაციას. ყველაზე უზრდელ და სამარცხვინო ჟურნალისტს რომ უშვებ პროვოკაციის მოსაწყობად ქარელში ეს მხოლოდ გვარამიას შეუძლია მოუვიდეს აზრად და მხოლოდ ამ უზრდელმა ჟურნალისტმა შეასრულოს“, – განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან „მთავარი არხის“ ოპერატორი გადმოაგდეს.
აღნიშნულის შესახებ კომენტარი გაკეთდა „ქართული ოცნების“ ოფისში.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ოპერატორსა და „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლებს შორის არანაირი ფიზიკური შეხება არ ყოფილა. მდინარაძის თქმით, „მთავარი არხის“ ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც მოაჯირს წამოედო და კიბის ზედა საფეხურებზე დაეცა.